მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ შსს-მ განცხადება გააკეთა

63483aadb0786
ალა ისპირიანი
13.10.22 20:15
1509
ვაკის პარკში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, რომლის დროსაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა, შსს-მ განცხადება გააკეთა.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უფლებამოსილი დანაყოფის წარმომადგენლები და დაიწყო შესაბამისი მოქმედებები.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობენ როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტები.

ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოების შემსრულებელი შპს „გრინ სერვის პლუსის“ დირექტორის, დამფუძნებლებისა და სხვა თანამშრომლების გამოკითხვები, ასევე გამოიკითხებიან ის პირები, ვინც ექსპერტიზა ჩაუტარა დასრულებულ ობიექტს.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა. ასევე, გამოძიება დეტალურად შეისწავლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს.

გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო ექსპერტიზა, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებთ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.

გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, რომლის პროექტიც ექსპლუატაციაში მერიას უკვე მიღებული ჰქონდა, მოზარდებს დენმა დაარტყა. ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობაშია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოზარდები ვაკის პარკში თამაშობდნენ, მათ ბურთი წყალში ჩაუვარდათ და ამოსაღებად როცა ჩავიდნენ, დენმა დაარტყათ.

თბილის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პროექტი შემოწმებული იყო. მერის თქმით, კანონის ფარგლებში ყველა დაისჯება.

რა დაჯდა ვაკის პარკის კასკადის და შადრევნების რეაბილიტაცია?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები