მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, რადგან ამდენი მოფერებით, ინფიცირების 8 000-მდე შემთხვევა გვაქვს“

61ee8a787f2cb
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.22 15:44
1225
ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, რადგან ამდენი მოფერებით და დემოკრატიის დაცვით, დღეს ვხედავთ, რომ კოვიდ-ინფიცირების 8 000-მდე შემთხვევა გვაქვს - ამის შესახებ ბიზნესმენმა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის სავალდებულოობის საკითხის გადაწყვეტა რეგულაციების დაწესებაზე მარტივია. მას თავისი კომპანიის მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ ყველა თანამშრომელი აცრილია.

„ბევრ ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულოა. ჩვენთან ზოგიერთი ვალდებულება სამწუხაროდ ვიღაცის შეურაცხყოფა ან დაჩაგვრა ჰგონიათ. ვალდებულებები დაჩაგვრას არ გულისხმობს, არის ვალდებულებები, რომელიც მსოფლიო სტანდარტებიდან გამომდინარე უნდა გავითვალისწინოთ, ეს არ ნიშნავს ვიღაცის კერძო ცხოვრებაში შესვლას.

ახლა რეგულაციების დაწესება ცოტა გართულებულია, რადგან მგონია, რომ დაგვიანებულია რეგულაციების დაწესება, მაგრამ ვაქცინაციის აუცილებლობა იოლი გადასაწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ მე არავის თავისუფლებას არ ვზღუდავ, „კოკა-კოლაში“ ყველას გამოვუცხადე, რომ ვაქცინაციის გარეშე ქარხანაში არ მოსულიყვნენ, გულახდილად ვუთხარი. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვინმე შევზღუდე, უბრალოდ ავუხსენი, რომ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანები არიან და ეს მათაც უნდა გაეცნობიერებინათ და არ შეწინააღმდეგებოდნენ იმ პროცესს, რაც აუცილებლად სჭირდებოდა წარმოებას. და თუ ამას ისე მიიღებდნენ, როგორც ჩემ მიერ მათ პირად ცხოვრებაში ჩარევას, ვუთხარი წასულიყვნენ და ეჩივლათ. ყოველ შემთხვევაში ძალიან ცოტა იყო ამ განწყობით. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და ჩვენთან ქარხანაში ყველა აცრილია. ვფიქრობ, ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, რადგან ამდენი მოფერებითა და დემოკრატიულობის დაცვით ვხედავთ, რომ 8 000-მდე შემთხვევა გვაქვს.

მეორე მნიშნელოვანია მომენტია, რომ ადამიანებმა იციან, ვაქცინაციის შემთხვევაში ინფიცირებისგან დაზღვეულები არ არიან, მაგრამ ინფიცირების შემთხვევაში ვირუსი უფრო მარტივად გადააქვთ“, - განმარტა თემურ ჭყონიამ.