მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახშამი ცნობილ ადამიანებთან ერთად - ბრუკლინში მდებარე რესტორნის ახალი კონცეფცია

6048f7a0b22dc
მარიამ ადამია
10.03.21 22:20
920
რას იტყვით კაფეში სტეიკის ოდრი ჰეპბერნთან ერთად მირთმევაზე? თუკი როდისმე გიფიქრიათ მსგავს ვახშამზე, მაშინ, როცა ნიუ-იორკში მოხვდებით, კერძოდ კი ბრუკლინში, ესტუმრეთ პიტერ ლუგერის კვების ობიექტს და ამ ოცნებას ნაწილობრივ აიხდენთ. ეს არის შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი, სადაც მაგიდებთან მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურებია განთავსებული და სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ, თუ რომელ ცნობილ პიროვნებასთან სურთ სადილი ან ვახშამი.

ალ როკერი, მაიკლ სტრაჰანი, ჯიმი ფელონი - ეს არასრული ჩამონათვალია მსოფლიოში ცნობილი ლეგენდარული ადამიანების, რომლებსაც რესტორანში შეხვდებით. დაწესებულების ვიცე-პრეზიდენტის დენიელ ტერტელის განცხადებით კი, რესტორანი პანდემიის შემდეგ, სიახლეების შეთავაზებითა და ამავდროულად ვარსკვლავების ფიგურების დახმარებით დაწესებულებაში სოციალური დისტანციის დაცვის უზრუნველყოფით ცდილობს აღიდგინოს ძალები, დანაკარგები და მომხმარებლები. დღეს ბიზნესს სწორედ ეს ძალა, ინოვაციურ-კრეატიული მიდგომა და სიახლეებისკენ სწრაფვა სჭირდება გადასარჩენად. პიტერ ლუგარის რესტორანმა აი, ასეთი გზით სვლა არჩია.

ვახშამი ცნობილ ადამიანებთან ჯერ სიახლეა, თუმცა ამბობენ, რომ გაამართლა და უკვე ბევრ მომხმარებელს დაუტოვა სამახსოვრო ფოტოები, ემოციები და მოგონებები, თანაც არ დაგავიწყდეთ, ამ ყველაფრის პარალელურად ადგილობრივი სამზარეულო გემრიელი კერძებითაც გიმასპინძლდებათ. სტუმრებს კი, დაწესებულებაში ხშირად ერთი შეხედვით უჭირთ რეალური ადამიანებისა და ცვილის ფიგურების ერთმანეთისგან გარჩევა, იმდენად ნამდვილს ჰგვანან და კურიოზულ ისტორიებსაც აგროვებენ.

ერთი ასეთი შემთხვევის დროს, რესტორანში შესულმა მომხმარებელმა, ჯონ ჰამსს ორჯერ ჰკითხა, თუ სად იყო საპირფარეშო, შემდეგ კი მიხვდა, რომ ის უბრალოდ ცვილის ფიგურა იყო. კიდევ უფრო სახალისოა ამ დროს პერსონალისა და სტუმრების რეაქციები. აღმოჩნდა, რომ ეს განწყობა, ხუმრობა და პოზიტივი, ჩაკეტილობისა და ერთწლიანი იზოლაციის შემდეგ ყველას სჭირდებოდა.

რაც შეეხება ვარსკვლავების ჩამონათვალს, ისინი იმ ფილმებიდან შეირჩა, რომლებიც ჭეშმარიტად ნიუ-იორკის ძველ ან მიმდინარე პერიოდს ასახავს. თუმცა პანდემიის შედეგად ბიზნესმოდელის ცვლილების ეს ერთადერთი მაგალითი არ არის და პიტერ ლუგერის კვების ობიექტმა, ოპერირების 133-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, საკვების მიტანის სერვისიც აამოქმედა და ტერასაზეც მოაწყო სივრცე სტუმრებისთვის. რაც მთავარია, ამ ყველაფერს უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით აკეთებდნენ და შედეგად, ძველი ტემპების დაბრუნებასაც ეტაპობრივად და სწრაფად ახერხებენ. კომპანიაში ამბობენ, რომ კვების ობიექტი სახელად “პიტერ ლუგერი” გაუძლებს ყველაფერს და კრიზისიდან ისევ გამარჯვებული გამოვა.