მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ალანია: ფოთის პორტს მონოპოლია აქვს აღებული, რაც ეკონომიკისთვის დამღუპველია

5f201a7c83d8c
ვიქტორია მღებრიშვილი
29.07.20 10:15
1940
"ალტერნატიული პორტების არსბობა ეკონომიკის სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანია", - განუცხადა BM.GE-ის გადამზიდი კომპანია „სოფმარის“ დამფუძნებელმა ვახტანგ ალანიამ ქვეყნისთვის საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას.

მისი შეფასებით, რაც უფრო მეტი ნავსადგური იქნება საქართველოში, მით უკეთესი - ქვეყნისთვის.

„დღეს ფოთის პორტს ამ მიმართულებით მონოპოლია აქვს აღებული, რაც ეკონომიკისთვის დამღუპველია. ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც მეტი იქნება კერძო პორტები, მით უკეთესია. ეკონომიკა რომ ჯანსაღად იყოს საქართველოში უნდა იყოს კონკურენცია, შესაბამისად ალტერნატიული პორტების არსებობა არის მნიშვნელოვანი. თუ ერთ პორტს სახელმწიფო ყიდის კერძო სექტორზე, მან მეორე ბიზნესსუბიექტს მეორე პორტის აშენების შესაძლებლობა უნდა მისცეს (გულისხმობს ანაკლიის პორტს)“, - აცხადებს ვახტან ალანია.

კითხვაზე - აქვს თუ არა ქვეყანას რამდენიმე საპორტო ინფრასტრუქტურის არსებობის საჭიროება, ბიზნესმენი განმარტავს, რომ როდესაც ქვეყანა განვითარებაზეა ორიენტირებული, მით უფრო მაშინ, როდესაც ტვირთბრუნვა პორტებში მზარდია, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ახალი პორტები.

„ჩვენ რომ ვთქვათ, მოდით, მოვიზიდოთ ტვირთები საქართველოში, სად მოვიზიდოთ, მაშინ როდესაც არ გვაქვს საშუალება რომ გადავამუშაოთ. ჯერ უნდა შევქმნათ საჭირო ინფრასტრუქტურა და შემდეგ მოვიზიდოთ.

აქ მეორე საკითხიცაა, რაც გეოგრაფიულია. მდინარე რიონმა კოლხეთის დაბლობი შექმნა, ეს პროცესი დღესაც გრძელდება და სანაპირო ზოლი რიონის დასილვის შედეგად დროთა განმავლობაში ფართოვდება, თუმცა ფოთის პორტი უძრავად ერთ ადგილზე მდებარეობს. ამიტომ აუციელებელია, ფოთის პორტის ალტერნატიული პორტის არსებობა და ამაზე დღეს უნდა ვიფიქროთ და არა - ხვალ. იმის გამო, რომ ფოთის პორტში ხდება დასილვა, პორტის ადმინისტრაციას მოუწევს დაღრმავების სამუშაოების წარმოება უწყვეტად, რაც გაზრდის კომპანიის ხარჯებს, ეს ზრდის ნავსადგურის მომსახურებას, რაც აისახება პროდუქტის გაძვირებაზე. აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ წინ წავიდეთ, უნდა განვითარდეს ალტერნატიული პროექტები, ისეთი როგორიც არის მაგალითად ანაკლიის პორტი“, - აღნიშნა გადამზიდავი კომპანია „სოფმარის“ დამფუძნებელმა.