საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „სოფმარის“ დირექტორის ვახტანგ ალანიას განცხადებით, საქართველოს რკინიგზის ვაგონები ცუდ მდგომარეობაშია.
მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში სტუმრობისას, სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით რამდენიმე პრობლემა დაასახელა, რაც ბიზნესის დაინტერესებას ამცირებს.
უპირველესად იგი ყურადღებას უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვაზე ამახვილებს, რაც საქართველოსთვის პრობლემაა. „სამწუხაროდ, ვაგონები რომლებიც საქართველოში დარჩა, ბოლოს როდის შეკეთდა არ ვიცი“, - ამბობს ალანია.
„სოფმარის“ დირექტორის თქმით, ევროპელი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ცუდ მდგომარეობაში არსებულ ვაგონებს დაინახავს, კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი აღარ აქვს. „ტვირთი, რომელიც ათეული მილიონი დოლარი ღირს ძველი, უვარგისი ვაგონებით უნდა გადავზიდოთ, რაც ჩვენთვის კარგი იმიჯის შემქმნელი არ არის“, - აღნიშნავს იგი.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის კვლევაზე, რომელიც შუა დერეფნის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს ეხება. კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი სუსტი წერტილია, თუმცა ვახტანგ ალანია მიიჩნევს, რომ იქ კიდევ ბევრი რამე არ არის ნათქვამი, რაც გასაკეთებელი და გამოსასწორებელია.
„მსოფლიო ბანკის კვლევამ საინტერესო შედეგი დადო, მაგრამ ეს უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე რეალური, რადგან ბევრი რამე არ არის ნათქვამი, რაც გასაკეთებელია. მაგალითად, სასურველია, ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა იყოს, მაგალითად, ჩვენ ვერ ვხედავ ვაგონი თუ იტვირთება ან რკინიგზიდან როდის გავიდა, როდის ჩავიდა ხაშურში, სამტრედიაში და ა.შ - ამ ინფორმაციას ტელეფონით ვღებულობთ, რაც კარგ პირობებს არ ნიშნავს. სასურველია ონლაინ ვხედავდეთ სად არის ტვირთი - ამ სერვისს ტვირთის მეპატრონეც ითხოვს და ეს აუცილებლად გასაკეთებელია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რკინიგზის მომსახურების გაუმჯობესებისთვის პრობლემის მოგვარება აუცილებელია.
აქვე გაგაცნობთ, მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებს, რკინიგზით გადატანილი/შემოტანილი ტვირთების მოცულობას და ტვირთის გამომგზავნი/მიმღები ქვეყნების წილს მთლიან მოცულობაში.
რამდენია რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობა?
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 24.6 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75.4 პროცენტი - ქვეყანაში შემოტანლ ტვირთზე.
რამდენია რკინიგზით შემოტანილი ტვირთის გამომგზავნი ქვეყნების წილი მთლიან მოცულობაში?
2023 წლის III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 40.9 პროცენტისათვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 29.5 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი, 2.9 პროცენტისათვის - რუმინეთი, 2.6 პროცენტისათვის - თურქმენეთი, 2.0 პროცენტისათვის - ბელარუსი, 1.7 პროცენტისათვის - თურქეთი, 1.6 პროცენტისათვის - ჩინეთი, 0.1 პროცენტისათვის - ყაზახეთი
რაც შეეხება რკინიგზით გატანილ ტვირთებს:
.
2023 წლის III კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.1 როცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 8.7 პროცენტისათვის - რუსეთის ფედერაცია, 8.3 პროცენტისათვის - სომხეთი, ხოლო 4.4 პროცენტისათვის - აზერბაიჯანი.
2023 წლის III კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.7 პროცენტისათვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 6.5 პროცენტისათვის - ნიდერლანდები, 6.0 პროცენტისათვის - იტალია, 5.1 პროცენტისათვის - ჩინეთი.