საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "სოფმარის" დირექტორი ვახტანგ ალანია აცხადებს, რომ კონტეინერების გადაზიდვა გაძვირებულია. მისი თქმით, მიზეზი კონტეინერების დეფიციტია.
"წლის დასაწყისში თუ 20-ტონიანი კონტეინერის გადაზიდვა $2000 იყო, ახლა გაორმაგდა და $4000-4500 დოლარია. ეს, ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ გემები აფრიკის გავლით და შორი გზით დადიან. მეორე მიზეზი არის ის, რომ, რადგანაც გადაზიდვის დრო გაიზარდა, კონტეინერების რაოდენობა არ ყოფნის დროს. კონტეინერების დეფიციტია როგორც ჩინეთში, ისე ჩვენთანაც", - განაცხადა ვახტანგ ალანიამ.
"სოფმარის" დირექტორი BMG-სთან აღნიშნავს, რომ გლობალურად მიმდინარე პროცესებმა პორტებზე ტვირთბრუნვა შეამცირა.
"ისრაელის ომი, წითელი ზღვის ტერორისტული ფაქტი, უკრაინაში რუსეთის ომი. ერთობლივად ეს ყველაფერი დაგროვდა და ტვირთბრუნვის კლება გამოიწვია. მარტ-აპრილში ნავსადგური, ფაქტობრივად, ცარიელი იყო. ამასთან, რატომღაც დიდი რაოდენობით კონტეინერები სტამბოლში გიყო გაჩერებული. ახლა სტამბოლის კონტეინერი წამოვიდა და ვითარება შედარებით ნორმალურია. რა იქნება ივნისში, ივლისში, აგვისტოში, რთული სათქმელია. ზაფხულში ისედაც ყოველთვის იკლებდა, - აღნიშნა ალანიამ.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედი პორტებისა და ნავსადგურების ტვირთბრუნვა შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ქართული პორტები 3.4 მილიონ ტონა ტვირთებს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.