მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვეფხვაძე: ინვესტორს მკაფიო სურათი უნდა ჰქონდეს, რომ თუნდაც დავის შემთხვევაში, დაცული იქნება

5f930b47612b8
ლიკა გურაბანიძე
24.10.20 15:33
819

“უცხოელ ინვესტორს მკაფიო სურათი უნდა ჰქონდეს, რომ როდესაც ინვესტიციას განახორციელებს, თუნდაც დავის შემთხვევაში, დაცული იქნება” - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა. 

გადაცემაში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) კვლევის შესახებ, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის უმსხვილესი წარმომადგენლების განწყობას ასახავს. მისი თქმით, კვლევების შედეგად საინტერესო დინამიკა გამოიკვეთა. ვეფხვაძის განმარტებით, III კვარტალში პანდემიის გამო ბიზნესის მდგომარეობა შედარებით დამძიმდა, მაგრამ მოლოდინები პოზიტიურისკენ გაიზარდა.

“III კვარტალში საინტერესო დინამიკა იყო - კომპანიებში ფრთხილი ოპტიმიზმი შეინიშნებოდა. არსებულ სიტუაციას ისინი ნეგატიურად აფასებენ, მაგრამ მოლოდინი პოზიტიური აქვთ. II კვარტალში არსებული სიტუაცია და მოლოდინი ერთმანეთთან ახლოს იყო, ეს კომპანიების სიფრთხილემ გამოიწვია. სექტემბერში ყველამ ჩათვალა, რომ პანდემიის პერიოდმა გაიარა და პოსტ კოვიდური პერიოდი იწყებოდა. 

კვლევებიდან გამომდინარე ვხედავ, რომ მთავრი პრობლემა მოხმარების შემცირებას, ასევე სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს უკავშირდება. თუმცა, მოხმარების სიმცირესთან დაკავშირებით, კომპანიებმა პასუხი მიიღეს და გაიგეს, რომ "ლოქდაუნი" არ იქნება. ეს გარკვეულწილად პასუხია მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყველა ხვდება, რომ ჩვენ თუ კიდევ ერთხელ გავჩერდით და ეკონომიკა გავაჩერეთ, შესაძლოა ეს ვერ გადავიტანოთ, ანუ ძალიან ბევრი უმუშევარი ადამიანი გვეყოლება. რაც შეეხება სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ეს არის თემები, რომელზეც უნდა ვიფიქროთ” - აღნიშნა ვეფხვაძემ. 

ასევე როგორც BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, ინსტიტუციონალურად გამართული გარემოსთვის ქვეყანას ბევრი სამუშაო აქვს.

“პრობლემების მოგვარებაში მხოლოდ ბიზნესები და კომპანიები ვერ იქნებიან ჩართულები. ამაში ახალი საკანონმდებლო ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს. უცხოელ ინვესტორს მკაფიო სურათი უნდა ჰქონდეს, რომ როდესაც ის ინვესტიციას განახორციელებს, თუნდაც დავის შემთხვევაში, დაცული იქნება” - განმარტა ვეფხვაძემ. 

 ცნობისთვის: BAG-ის კვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის III კვარტალში, ბიზნესსაქმიანობის ყველაზე მეტად ხელისშემშლელად კერძო სექტორი შემდეგ 4 ფაქტორს ასახელებს:

1) პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე;

2) სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები;

3) სპეციალისტების ნაკლებობა;

4) შეზღუდული ფინანსური რესურსები.