მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, 2 წელიწადში სახელმწიფო "მექანიზატორის" ზარალიანი აქტივისგან გათავისუფლდება"

5d95f42e54850
ელენე გოგბერაშვილი
03.10.19 20:30
2365
სახელმწიფოს კუთვნილი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია “მექანიზატორი” ზარალზეა. კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2018 წელი კომპანიამ 31.2 მილიონი ლარის ზარალით დახურა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით კი, 2012-2018 წლებში “მექანიზატორმა” ჯამში 170 მილიონი ლარით იზარალა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი bm.ge-ისთან განმარტავს, კომპანია იმ მოდელით შეიქმნა, რომ ის არ უნდა ყოფილიყო მომგებიანი. ახლა კი, სახელმწიფო ცდილობს ამ ზარალიანი აქტივისგან გათავისუფლდეს. კერძოდ, ელექტრონული აუქციონის საშუალებით სახელმწიფო „მექანიზატორის“ ტექნიკას ყიდის.

„მექანიზატორი არ არის საპრივატიზაციოდ მიმზიდველი, ამიტომ ორი წლის წინ აქ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და „მექანიზატორის“ ტექნიკის გასხვისება დაიწყო“, - აცხადებს ხანიშვილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, ელექტრონულ აუქციონზე თავდაპირველად ამორტიზირებული ტრაქტორები გაიტანეს, ამ დროისთვის კი, დაახლოებით, 500-მდე ერთეული ტექნიკაა გაყიდული და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„მექანიზატორს ყოველწლიურად 10 მილიონ ლარზე მეტი ხარჯი ჰქონდა გაჩერებულ მდგომარეობაში. ტექნიკის მოძველებამ და ხარჯების ზრდამ კი განაპირობა ის, რომ ჩვენ დავიწყეთ ტექნიკის რეალიზება“, - აცხადებს ხანიშვილი.

ხანიშვილი ამბობს, რომ ამორტიზირებული ტექნიკაზე ინტერესი საკმაოდ დიდია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „მექანიზატორის“ გასხვისებული ტექნიკის შემდგომი გასხვისება და ქვეყნიდან გატანა აკრძალულია.

ხანიშვილის ინფორმაციით, ამორტიზირებულ ტექნიკას მცირე ტექნიკური სადგურები ყიდულობენ, შემდგომ რეაბილიტაციას უტარებენ და ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან.


„თუ ასეთი ინტენსიობით გაგრძელდა რეალიზაცია, ვფიქრობთ, 2 წელიწადში სრულად გაიყიდება. განსაზღვრული გვაქვს გაიყიდოს არამარტო ტექნიკა, არამედ „მექანიზატორის“ ცენტრები რეგიონებში, გარდა იმ ცენტრებისა, რომელიც არის ორიენტირებული კომბაინებზე. ის შეიძლება დარჩეს მცირე რაოდენობით სახელმწიფოს საკუთრებაში“, - აცხადებს ხანიშვილი.

მისი თქმით, „მექანიზატორს“ ორი წელია სახელმწიფო დაფინანსება არ მიუღია და ტექნიკის ექსპლუატაცია გაწეული მომსახურებით ან რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებით ფინანსდება. მისივე თქმით, კომპანიამ სახელმწიფო სახსრები გასულ წელს მხოლოდ კომბაინების შესასყიდად მიიღო.

შეგახსენებთ, შპს “მექანიზატორი” 2009 წელს შეიქმნა. მის საკუთრებაში ათობით ტრაქტორია. საწარმოს მთავარი დანიშნულება აგრარული სექტორის ტექნიკითა და მექანიზაციით მომსახურებაა. კომპანიის დაფუძნების იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რადგან საქართველოში მიწის მესაკუთრეების უმეტესობას მიწის მცირე ნაკვეთები აქვთ სარგებლობაში და მსხვილი ტექნიკის შეძენის რესურსები არ გააჩნიათ, საქართველოს ხელისუფლებას შეექმნა მსხვილი კომპანია, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში ექნებოდა განთავსებული მექანიზაცია.

ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამით, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობდა ხელს, მეორე მხრივ კი, თავად კომპანიაც, მომგებიანი იქნებოდა. როგორც ირკვევა, კომპანია მომგებიანობისგან შორს არის და მის მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, მთლიანი ხარჯების მხოლოდ ნახევარს ფარავს.

2018 წელს კომპანიის შემოსავალი 33.4 მილიონი ლარი, ხარჯები კი 64.6 მილიონი ლარი იყო, რის გამოც წლიურმა ზარალმა 31.2 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები