მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ენდოთ ჭორებს, რომ ფული თქვენთვის არაა" - გელა ხანიშვილის რჩევები ფერმერებს

სოფელი

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, კომპანია „აგრო - 1959“-ის მმართველი პარტნიორი გელა ხანიშვილი ფერმერებს საკუთარი მეურნეობების გამსხვილებისკენ მოუწოდებს. BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ბიზნესმენმა ქართველის ფერმერების სუსტ მხარეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებას მხოლოდ კოოპერაცია მოიტანს.

- იმისთვის, რომ ფერმერმა წარმატებას მიაღწიოს, მას სჭირდება მოცულობითი პროდუქციის წარმოება. ჩვენი ძირითადი პრობლემა რა არის? - მცირე ფერმერული მეურნეობა ვერ ახერხებს, თავისი პროდუქცია ბაზარზე გაიტანოს, რაც გამოსასწორებელია; უნდა გამსხვილდეს მეურნეობები - ან ინდივიდუალურად უნდა გაიზარდოს მეურნეობების ფართობი ან მოხდეს კოოპერაცია, რათა ფერმერმა მყიდველს შეუქმნას განცდა, რომ მას შეუძლია წლის განმავლობაში მიიღოს ერთგვაროვანი, ხარისხიანი პროდუქცია გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე, გრძელვადიანი საფასო პოლიტიკით. შედეგად, ორივე მხარე - ფერმერიც და მყიდველიც იქნება კმაყოფილი, ხოლო როდესაც ფერმერი მცირე მოცულობებს აწარმოებს, ის ცდილობს, ძვირად გაყიდოს თავისი პროდუქცია, მყიდველი კი, ცდილობს ფასს დაუკლოს, ამიტომ სტაბილურობის განცდა არაა და ორივე მხარე ზარალდება.

- რატომ ვერ გამოგვდის კოოპერაცია?

- ჩემი სოფლის, რუისის მაგალითს მოგიყვებით...

- გამოგდით დარწმუნება?

- არ გამომდის...

- რატომ?

- რამდენიმე წლის წინ, როდესაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იყო, სოფელ რუისში წყლის სატუმბი სადგური გავხსენით... იმ წელს სოფელში ხახვის დიდი მოსავალი იყო, ფერმერებს კი რეალიზაცია უჭირდათ და მინისტრს დახმარება სთხოვეს; როცა ლევანმა <დავითაშვილმა> მე გამომხედა, თანასოფლელები მიუხვდნენ რის თქმას აპირებდა მინისტრი და თქვეს - ბატონი გელა გვეუბნება, რომ მაცივარი გავაკეთოთ, კოოპერაცია შევქმნათ, მაგრამ.... არავითარი მაგრამ! უნდა გამსხვილდეს ფერმერული მეურნეობები. მარტივ მაგალითს ვიტყვი ჩემი სოფლის და ფერმერების გასაგონად - რუისში 2000 ჰა საუკეთესო ფართობია, სადაც მხოლოდ მხოლოდ 1-წლიანი კულტურები მოგვყავს; ეს არ აძლევს ფერმერს ჰა-ზე 1000 ლარზე მეტი შემოსავლის საშუალებას და ჯამში, სოფლის შემოსავალი, დაახლოებით, 2 მლნ ლარია, მაგრამ თუ მრავალწლიანი კულტურები - ხილის ბაღები გაშენდება, სოფლის ინტერესი მინიმუმ 100 მლნ ლარი იქნება. ეს შესაძლებლობა უნდა დაინახოს სოფელმა, ყველა ფერმერმა და ამის მიღწევა შესაძლებელია რესურსების გაერთიანებით. საქართველოში ინვესტორი ძალიან ბევრია მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო იცავს ბაზარს, რომ არ მოხდეს მიწის მხოლოდ ყიდვა-გაყიდვისთვის გაცემა და იყოს მართლა ბიზნესის ინტერესის ქვეშ... მოდის ინვესტორი, მაგრამ მას არ ხვდება გაერთიანებული მიწები; ჩვენ როცა ვსაუბრობთ 1000, 2000 ჰა მიწის ფართობებზე, მსხვილი ფერმერული მეურნეობების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა... კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი - აქაც 90-იანი წლების გადმონაშთია - ჩვენ დავანაწევრეთ მიწები და მიწის დანაწევრებასთან ერთად დავიტოვეთ სოციალისტური აზროვნება იმ ასპექტში, რომ არ გვჯერა ერთად ყოფნის და საქმის ერთად კეთების. ამ აზროვნების შეცვლას უნდა დრო. დანიას 150 წელი დასჭირდა, რათა მიეღწია კოოპერაციის იმ დონისთვის, რომელიც არის.

- ჩვენ რამდენი დაგვრჩა?

- 80 წელი.

- რას ურჩევდა გელა ხანიშვილი ფერმერებს?

- იყავნენ გაბედულები; დაიჯერონ, რომ მათი წარმატება ერთად ყოფნაშია; არ ენდონ ჭორებს, რომ ფული მათთვის არაა; ფული არის ყველასთვის და მისი მიღება ფერმერებზეა დამოკიდებული; შეიძინონ ცოდნა - ცოდნის გარეშე სახელმწიფო კარგავს ფულს და ისინიც კარგავენ ფულს; გამოვიდნენ ცრუ პატრიოტული ნარატივიდან, როდესაც მიწას არ ამუშავებენ, არ უვლიან, მაგრამ მამა-პაპისეული მიწა ძალიან უყვართ - ეს არაა მიწის სიყვარული. მიწის სიყვარულია, როცა ის მუშავდება, დოვლათს ქმნის, მამა-პაპისეულ სახლში ნათურა ანთია და კვამლი ამოდის - თბილისში ნათქვამ სადღეგრძელოს, რომ მიწა გიყვარს, ფასი არ აქვს.

- ისე, როდესაც სოფლის მეურნეობაში გვჭირდება ცოდნა, ტექნოლოგიები, ფინანსური რესურსი, გარკვეულწილად ცრუ პატრიოტულ ნარატივს არ ჰგავს მთავრობის გადაწყვეტილება - სასოფლო-სამეურნეო მიწების არ მივყიდოთ უცხოელ ინვესტორებს - მაგალითად, რუისში რომ მსხლის ინტენსიურ ბაღებს აშენებთ, იტალიელი ინვესტორი იმ მიწას რას დაუშავებდა?

- არაა ასე... ამ შემთხვევაში გიპასუხებთ როგორც მინისტრის ყოფილი მოადგილე...

- მე ფერმერ გელა ხანიშვილის აზრი მაინტერესებს...

-კარგი. გელა ხანიშვილი, როგორც ფერმერი, დღეს ესაუბრება ინვესტორს; მე არ მაქვს $8-10 მილიონი, ამიტომ მივდივარ ბანკში და მიმყავს ინვესტორი, რომელსაც ვეუბნები - შენ ხომ გინდა, აქედან მიიღო შემოსავალი?! მიწის 49% ისედაც ხომ გაქვს და რა აუცილებელია, საკონტროლო 51% გქონდეს?!... მაგრამ შენ როდესაც გინდა იყიდო მიწა, დაელოდო როდის გაძვირდება და საქართველოში მიწები ძალიან გაძვირდება, ეს არაა სწორი. რამდენიმე წლის წინ რუისში 500 დოლარი ღირდა მიწები, ახლა $15 000-დან 20 000 დოლარამდე ღირს. უცხოელმა იყიდოს მიწა, „დააძინოს“ და მერე გამოივლის მისი შთამომავალი და ამ მიწას 100 000 დოლარად გაყიდის, ეს არაა სწორი.

- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?

- ცოდნა და შრომისმოყვარეობის უნარის დაბრუნება.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- არაკომპეტენტურობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები