ფერმერული მეურნეობა „აგრო-1959“-ის მმართველი პარტნიორი გელა ხანიშვილი თვლის, რომ სახელმწიფო აგროსექტორში მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობაში უფრო თამამი უნდა იყოს. ამ საკითხზე მან გადაცემა #წერტილში ისაუბრა.
ბიზნესმენი განმარტავს, რომ მსოფლიოში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე სუბსიდირებადი დარგია და იმისთვის, რომ ქართული აგროსექტორი გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს, სახელმწიფოს მხრიდან მისი სუბსიდირება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„ევროპა დიდი ხანია ჩვენზე ადრე მიხვდა, რომ სოფლის მეურნეობას მხოლოდ ბიზნესის ფუნქცია არ აქვს - აწარმოო და გაყიდო. ეს არის სოციალური ფაქტორი, ეს კონკურენტუნარიანობაა. 2024-2027 წლებში ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებს მარტო სოფლის მეურნეობაზე დოტაციის და სუბსიდიის სახით 307 მილიარდ ევროს აძლევს და სოფლის განვითარებაზე, რომ სოფლები გაძლიერდეს, 80 მლრდ ევროს. პროდუქცია, რომელსაც ჩვენ დღეს ვაწარმოებთ და ევროპის ბაზარზე უნდა გავიტანოთ, თუ არ გვექნება სუბსიდირება და იგივე პირობები, რაც ევროპელ ფერმერს, ჩვენი პროდუქცია კონკურენციის დროს ყოველთვის წაგებაში იქნება და არასდროს იქნება შემოსავალი. ამიტომ არის, რომ ჩვენ თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ვიყოთ მსოფლიოსთან“, - აცხადებს ხანიშვილი.
ის აღნიშნავს, რომ ევროპაში მიმდინარე ფერმერთა საპროტესტო გაფიცვები არა გაუსაძლისი მდგომარეობით, არამედ ზოგადი მიდგომებით არის გამოწვეული, რადგან მსოფლიოში დღეს ძალიან ბევრი პროფესიაა, სადაც გაცილებით მაღალი შემოსავლის მიღება, ნაკლები შრომითაა შესაძლებელი, ვიდრე სოფლის მეურნეობაში. ამიტომაც ფერმის მმართველი თვლის, რომ აგროსექტორის გაძლიერებას მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს.
„სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვს ფერმერი რომ უყურებს, ყველაზე ნაკლები შემოსავალი რჩება პირველად ფერმერის კართან, მერე და მერე იზრდება ეს შემოსავალი. ამიტომ აქ ბევრი რამ გადასახედია. მსოფლიოში 800 მლნ ადამიანს სურსათზე ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს, ჩვენ თუ სოფლის მეურნეობას თავი დავანებეთ ეს მაჩვენებელი გაიზრდება.
საქართველოში ძალიან კარგი პროგრამებია, რომლებიც განსავითარებელია - სოფლის მეურნეობის გაძლიერებისთვის, ჩვენ თამამები უნდა ვიყოთ მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობაში. წვრილი ფერმერები უნდა გაერთიანდნენ და მსხვილი ფერმების კიდევ უფრო გამსხვილება ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობამდე მიგვიყვანს“, - განმარტა გელა ხანიშვილმა.