მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საჭირო ხორბლის თვითუზრუნველყოფის გაზრდისთვის? - გელა ხანიშვილი

ხორბალი

ხორბლის თვითუზრუნველყოფა 15%–დან 50%–მდე უნდა გავზარდოთ - პროგრამაზე ვმუშაობთ“ - ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტში გააკეთა.

მინისტრმა დაპირების სახით თქვა, რომ ძალიან მალე დარგის წარმომადგენლების და მეცნიერების ჩართულობით წარმოადგენდა პროგრამას, რომელიც ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას სტიმულს მისცემს.

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ამ პროგრამას ამერიკელების ხელშეწყობით შეიმუშავებდა. რამდენიმე კვირის წინ კი სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) წარმომადგენლებმა კვლევა „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“ განახორციელეს, თუმცა კვლევის დეტალებზე საუბარი არ ყოფილა.

რა ეტაპზეა ხორბლის თვითუზრუნველყოფის გაზრდის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება - #რედაქტ2-ის ამ კითხვაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ უპასუხა, რომ პროგრამა მუშავდება, თუმცა ზუსტი დრო როდის მომზადდება დოკუმენტი ვერ დააკონკრეტა.

გელა ხანიშვილმა გადაცემაში აღნიშნა, რომ კანზასის უნივერსიტეტის წარმომადგენლების კვლევის პრეზენტაციას თავადაც ესწრებოდა და რომ მისი შინაარსი თანხვედრაშია ქართული მხარის მიერ იდენტიფიცირებულ საჭიროებებთან.

„კანზასის უნივერსიტეტის მეცნიერები დარგის განვითარებაში ჩვენი შეფასებების მართებულობაში დარწმუნდნენ. ახლა ჩვენ მალე უნდა გადავიდეთ მეორე ეტაპზე, რაც დარგის საჭიროებებს გულისხმობს. მაგალითად, რა მჭირდება მე იმისთვის, რომ რუისში კარგი ხორბალი მოვიყვანო? - პირველ რიგში სერტიფიცირებული, მაღალი ხარისხის თესლი, რომელიც ქვეყანაში მრავალი ათეული წელია არ შემოდის, რადგან ძვირად ღირებულია. ხორბლის წარმოებაში სრული ციკლი უნდა შემუშავდეს და ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს, კოოპერაცია ხორბლის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 1 და 2 ჰა-ზე ხორბალი ადამიანს საერთოდ არ უნდა მოყავდეს, შეუძლებელია ამ შემთხვევაში წარმატებას მიაღწიო.

ხარისხიანი ხორბლის მოყვანა ნიშნავს მიწის კარგ დამუშავებას, ეს არის ტექნოლოგიები - შეიძლება ნულოვანი ტექნოლოგია გამოვიყენოთ, შეიძლება ზედაპირული დათესვა, შეიძლება მოვლა, მაგრამ მთავარია ხარისხიანი დამუშავება, ხარისხიანი თესლი და ხარისხიანი აგრონომიული მოვლა - ამის თანხვედრა გვჭირდება.

ქვეყანაში მასიური ახალი თესლის შემოტანა და ტექნოლოგიების კიდე უფრო მეტი განვითარება უნდა მოხდეს“, - ამბობს ხანიშვილი და დასძენს: „ამერიკაზე მიმართვის მთელი ალგორითმი იყო ის, რომ ჩვენ ეს გვჭირდება და მოდით დაგვეხმარეთ. ვიცით, რომ USAID-ის პროგრამები, ასევე სხვა პროგრამები გვაქვს. ახლა დადგა დრო ხორბლის მიმართულებითაც სერიოზულად ვიფიქროთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები