სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ბიზნესმენი გელა ხანიშვილი აცხადებს, რომ ბიზნესის სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამებიდან გამოსვლაზე საუბარი არა ნაადრევი, არამედ არარეალურია.
BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში დასმულ კითხვაზე - რამდენად ეფექტიანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები და ხომ არ არის დრო, როცა 10 წლის წინ დაწყებული პროგრამებიდან სახელმწიფომ გამოსვლა უნდა დაიწყოს, გელა ხანიშვილი პასუხობს, რომ პროგრამების შეწყვეტის შემთხვევაში სოფლის მეურნეობაში მოქმედი ქართული ბიზნესები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი აღარ იქნებიან.
„სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამებიდან გამოსვლაზე საუბარი ნაადრევი კი არა, არარეალურია და რატომ - საქართველო მსოფლიო ბაზარზე არსებულ კონკურენციაშია, სადაც სოფლის მეურნეობას აქვს პროგრამები, სადაც დაფინანსება ბევრად უფრო სოლიდურია, ვიდრე ქართულ ეკონომიკას შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნების პროგრამა, რომელიც 2024-2027 წლების მხარდაჭერას ითვალისწინებს 307 მლრდ ევროს ოდენობითაა განსაზღვრული. თუ ევროპელი ფერმერი ასეთ დახმარებას მიიღებს და ქართველ ფერმერს არ მივცემთ, მათი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა შეუსაბამო იქნება.
ისინი უფრო მეტად ტექნოლოგიებში დებენ ინვესტიციებს. რა პროგრამებიც სახელმწიფოში ხორციელდება, პროგრამებია, რომელიც ფერმერებს ეხმარება. მე როგორც ფერმერი ჩემს მეურნეობაში გაცილებით თამამი ვარ, რადგან ზურგს სახელმწიფო პროგრამა მიმაგრებს. შემიძლია, მივიდე და ავიღო კრედიტი და ეფექტიანად დავხარჯო, შემიძლია საბრუნავი საშუალებებისთვის ავიღო და ეფექტურად დავხარჯო, შემიძლია იმის იმედი მქონდეს, რომ ჭაბურღილს სახელმწიფოს თანადაფინანსებით გავაკეთებ... დღეს ფერმერი სახელმწიფო პროგრამებთან ერთად ძლიერია, ამიტომ ეს პროგრამები უნდა გაგრძელდეს, გამრავალფეროვანდეს და გაძლიერდეს“, - განმარტავს ხანიშვილი.
რაც შეეხება საკითხს, უნდა შეიცვალოს თუ რა თუ არა სახელმწიფო პროგრამები თვისობრივად და უფრო მეტი აქცენტი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე გაკეთდეს, „აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ეს მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც პირველადი გამოწვევები დაიძლევა.
„ჩვენ ორი მოცემულობა გვაქვს - საქართველოში კომუნისტების დროს დაახლოებით 12 000 ერთეული ტრაქტორი მუშაობდა და გარკვეულ პერიოდში ეს რიცხვი 500-მდე ჩამოვიდა. ესეც იყო რესურსამოწურული და ტრაქტორი არ გვყავდა. პირველადი ამოცანები უნდა გადავწყვიტოთ, რომ მაღალ ტექნოლოგიებზე გადასვლა შევძლოთ. საქართველოში როდესაც ტრაქტორი არ არის, არ იზრდება ტრაქტორისტი, არ არის უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, საინჟინრო... და ჩვენ რომ რობოტიზირებულ ტექნოლოგიებზე გადასვლა მოვითხოვოთ, ეს საინჟინრო პერსონალის გაზრდას მოითხოვს“, - ამბობს გელა ხანიშვილი.