მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გადაწყვეტილების მიღებისას თამამი ვიყავი“ - რატომ გადადგა გელა ხანიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტიდან?

სოფლის მეურნეობა

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გელა ხანიშვილმა 2023 წლის აპრილში თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გელა ხანიშვილი 2016 წლიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო. 2019 წლიდან კი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა. მაშინ ყოფილ საჯარო მოხელეს გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია. დღეს კი გელა ხანიშვილი უწყებიდან წასვლის შემდეგ BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ს როგორც ბიზნესმენი პირველად სტუმრობდა, სადაც მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა იყო.

რედაქტ2-ის წამყვანის კითხვას - რატომ მიიღო გელა ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის პირველი მოადგილის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება, დღეს უკვე ბიზნესმენი, კომპანია „აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორი ასე პასუხობს: „ადამიანი ერთ თანამდებობაზე არ შეიძლება უსასრულოდ მუშაობდეს. ჩემს ბიოგრაფიას ვინც ჩახედავს, ნახავთ, რომ თითოეულ სამსახურში მაქსიმუმ 2-3 წელი მაქვს ნამუშევარი. ძალიან ბევრი და განსხვავებული დარგი მოვიარე - ხორბლის წარმოება, შოკოლადი, კანფეტები, კონიაკი, რკინიგზა, ქონების რეალიზება და მინისტრის მოადგილედ 6 წელი და 4 თვე ვიმუშავე. სამინისტროში მუშაობისას ხშირად მითქვამს, რომ საჭიროა კადრების გაახალგაზრდავება და ბევრი ახალგაზრდის ჩართვა, ბევრი ექსპერიმენტი, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელშიც შეიძლება გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება შეგზღუდოს შენმა გამოცდილებამ... ამ გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან თამამი ვიყავი. ვფიქრობ, როგორც ადრე ვართმევდი თავს ეკონომიკურ თუ ბიზნესსაკითხებს, ახლაც და მომავალშიც კარგად გავართმევ თავს“.

დღეს უკვე ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახური მას ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო რესურსს არ უტოვებდა, იქნებოდა ეს დროის თუ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა. გელა ხანიშვილი თავის კერძო საქმიანობას ამ წლების განმავლობაში წარმატებულად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ახლა ის სახელმწიფო პროგრამების გამოყენების კუთხით უფრო თამამი იქნება, რაც მის ბიზნესს წაადგება.

„სოფლის მეურნეობის მდგრადობა დამოკიდებულია მეპატრონის ადგილზე ყოფნაზე. ფერმერული მეურნეობა არ არის მარტივი საქმე. საჯარო მოხელის პოზიციაზე ყოფნის დროს იმდენ ყურადღებას საკუთარ მეურნეობას ვერ ვუთმობდი, იყო ძალიან ბევრი პრობლემები, რომლებიც ჩემი როგორც სახელმწიფო მოხელის ყურადღებას საჭიროებდა, ამიტომ ვერ დავიკვეხნი სოფლის მეურნეობაში ბოლო წლებში ჩემი წარმატებით. თუმცა იმედი მაქვს, ახლა მეურნეობისთვის მეტი დრო მექნება და მეტ ყურადღებას მივაქცევ, რადგან მაგალითად როდესაც გაქვს 2007 წელზე გაშენებული ბაღი და 20 ჰა-ზე 10-15 ტონა მოგყავს და როდესაც აშენებ ბაღს სახელმწიფოს დახმარებით „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში და 40-60 ტონა ვაშლი მოგყავს, ანუ მოსავლიანობა უფრო მაღალია - ეს უკვე სხვადასხვა ეკონომიკაა. ამიტომ სახელმწიფო პროგრამების გამოყენებაში ახლა უფრო თამამი ვიქნები. იმ შემთხვევაში გარკვეული შეზღუდვები არსებობდა.

საჯარო მოხელის მიერ სახელმწიფო პროგრამების გამოყენება შეზღუდულია, რადგან მართვაში ბიზნესი სხვას უნდა გადასცეთ, მაგრამ როგორც გითხარით ფერმერულმა მეურნეობამ არ იცის დღე-ღამე და ზამთარ-ზაფხული - იქ უნდა იყო. ამიტომ დღეს გაცილების სხვა ცხოვრების რეჟიმი მაქვს და უფრო მეტ დროს დავუთმობ ჩემს ბიზნესს. უფრო თამამი ვიქნები ჩემს გადაწყვეტილებებში. არის აზრი, რომ წარმატებას იმიტომ აღწევს, რომ სახელმწიფო მოხელე ხარ, არადა 2007 წელს მეურნეობის დაწყებისას სახელმწიფო მოხელე არ ვიყავი და ახალი ბაღების გაშენება, კულტურების შემოყვანა და ექსპერტების ჩამოყვანა პირველმა დავიწყე“, - აღნიშნავს გელა ხანიშვილი.

„აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორი იმაზეც საუბრობს, რომ ის სახელმწიფო უწყებიდან წამოსვლით ფესვებს დაუბრუნდა, რადგან კერძო სექტორი მისი თავდაპირველი საქმიანობა იყო.

„ჩემი ისტორია და მინისტრის მოადგილეობა ჩემი ცხოვრების თანამდევია. მთავარია, რომ მე დავუბრუნდი ფერმერობას. ინდუსტრიული ფერმერული მეურნეობა 2007 წელს შევქმენი. კომპანია „აგრო 1959“ იმიტომ დავარქვი კომპანიას, რომ ჩემი მშობლები ერთმანეთს ამ მეურნეობაში 1959 წელს შეხვდნენ. წლების მანძილზე ვმუშაობდი და ვარ ფერმერი, ამასთან ფერმერთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არსად წავსულვარ. დავუბრუნდი ჩემს ფესვებს, სოფელს და გარემოს, სადაც ვფიქრობ, სოფლის მეურნეობას წარმატებულად განვავითარებთ. ის ცოდნა და გამოცდილება, რაც საჯარო სექტორში მივიღე კერძო სექტორში გამოვიყენებ, რადგან საჯარო სექტორში იმ გამოცდილებას ვიყენებდი, რაც კერძო სექტორიდან მქონდა. ჯამში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ფერმერი აღჭურვილი უნდა იყოს იმ პროექტების ცოდნით, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს.

სოფლის მეურნეობა გარკვეულწილად მეწლეურობით ხასიათდება, ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან მაგალითად ვაშლის მსხმოიარობა ყოველ წელს ერთი და იგივე არ არის, მეორე მხრივ კი ეკონომიკური ფაქტორების მერყეობაა. გარდა ამისა სოფლის მეურნეობა მკვეთრადაა დამოკიდებული გარემო პირობებზე. სოფლის მეურნეობა მკვეთრადაა დამოკიდებული პროდუქციის მოყვანა -გაყიდვაზე მსოფლიო ბაზარზე, საქართველო კი ამ პროცესებზე მკვეთრადაა დამოკიდებული.

მეურნეობა, რომელიც შევქმენი დაახლოებით 100 ჰა მიწის ფართობს მართავს, სადაც არის ვაშლის ბაღები, ერთწლიანი კულტურები, ისეთი ფართობები, რომელიც ირწყვება - კარტოფილი, კომბოსტო, პომიდორი, ურწყავი ფართობები, სადაცაა ქერი, ხორბალი, სადაც ექსპერიმენტები ტარდება სიმინდსა და ჭარხალზე. ყოველწლიურად ერთი კულტურის მოყვანა, ძალიან რისკიანია“, - განმარტავს „აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები