22.ოქტომბერი .2019 14:01

ვიცე–პრემიერი: ენერგეტიკაში ინვესტიციები დაგვაკლდა

views 418
უკან

ვიცე–პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის შეფასებით, საქართველოს ენერგოსექტორს ინვესტიციები დააკლდა. ამის შესახებ ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ენერგეტიკული სექტორი არის ის სექტორი, სადაც ჩვენ დაგვაკლდა ინვესტიციები. ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის პროტესტის გამო. ეს არის ის სექტორი, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი ინვესტიციების განვითარებისთვის და ეს არის ის სექტორი, სადაც ჩვენ გვჭირდება განვითარება და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მოსახლეობასთან კონსულტაციით", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "საქსტატის" დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 120 მილიონ 794 ათასი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე (280 მლნ 557.5 ათასი აშშ დოლარი) 56.9%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მეორე კვარტალს, „საქსტატის“ წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ენერგეტიკაში $63.7 მილიონის მოცულობის ინვესტიცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%–ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში ელექტროენერგიის მომხარების ზრდასთან ერთად, ქვეყანას უფრო და უფრო მეტი იმპორტირებული რესურსი სჭირდება, რადგან ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 185.3 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (139.5 მლნ კვტ.სთ) 32.8%-ით აღემატება.

ელექტროენერგია საქართველომ შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:

რუსეთიდან: 125.011 მლნ კვტ.სთ

აზერბაიჯანიდან: 60.334 მლნ კვტ.სთ.

რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ჯამურ მონაცემებს, ამ პერიოდში საქართველოში 1020.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (832.4 მლნ კვტ.სთ) 22.6%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა