მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ და როდის გადაიხდის მიკროავტობუსებში დახარჯულ 30 მილიონს - რა წერია მემორანდუმში?

5e02289f270ab
სალომე მეცხვარიშვილი
24.12.19 19:50
916
რა წერია მემორანდუმში, რომელიც თბილისის მერიასა და კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს” შორის გაფორმდა? ვიცით ის, რომ დედაქალაქის მთავრობა კომპანიის ნაცვლად 300 ახალ მიკროავტობუსს შეიძენს და ეს თბილისს 30 მილიონი ლარი დაუჯდება.

გასულ კვირებში მხოლოდ განცხადებები მოვისმინეთ, რომ მომავალში კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” ამ ავტომობილებს მერიისგან გამოისყიდის; რომ მერია ამას იმიტომ აკეთებს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს.

მაშინ მხარეებმა მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად თავად მემორანდუმისკენ მიგვითითეს. bm.ge-მ აღნიშნული დოკუმენტი გამოითხოვა, თუმცა მასშიც არ არის გაწერილი რიგი საკითხები:

მაგალითად, არ არის ნაჩვენები, რა ფინანსებით აპირებს სამომავლოდ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” მერიის მიერ შესყიდული 300 მიკროავტობუსის გამოსყიდვას?

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ “მჭიდროდ ითანამშრომლებენ” მიკროავტობუსების პარკის დარჩენილი ნაწილის ეტაპობრივი ჩანაცვლებისა და მთავრობის მიერ შესყიდული მიკროავტობუსების გამოსყიდვის მიზნით.

“მხარეები ადასტურებენ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში თითოეულ კომპანიას გააჩნია ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი პოტენციალი და ამ მიზნით, მხარეები მჭრდროდ ითანამშრომლებენ, რათა მომავალში თითოეულმა კომპანიამ თავად უზრუნველყოს დარჩენილი მიკროავტოსბუების პარკის ეტაპობრივი ჩანაცვლება და მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი მიკროავტობუსების სრულად გამოსყიდვა”, - ნათქვამია დოკუმენტში.

მემორანდუმით მხარეები ადასტურებენ, რომ კომპანიას გააჩნია ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალი, თუმცა საიდან ელოდება კომპანია დამატებითი თანხების მობილიზებას და როგორ მოხარეხებს ბიუჯეტიდან დახარჯული ფულის უკან დაბრუნებას, გაურკვეველია. საქმე ისაა, რომ სანამ მხარეები ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ, “თბილისის მიკროავტობუსი” გამოსავალს მისი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მგზავრობის ტარიფის 20-30-თეთრით გაზრდაში ხედავდა. თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ კი თქვა, რომ დედაქალაქის მთავრობა ითვალისწინებს მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, შესაბამისად, მგზავრობის საფასურის გაძვირება არ მოხდება და შენარჩუნდება 0.80-ლარიან ნიშნულზე.

მაშინ საიდან და როგორ უნდა მოხდეს ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესება კომპანიაში? მით უმეტეს, რომ მემორანდუმისვე მიხედვით, კომპანიების შემოსავლის ძირითადი წყარო სწორედ მგზავრთა გადაყვანის შედეგად მიღებული ტარიფია.

ეს კითხვა ჩვენ რამდენიმე დღის წინ “თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელ დავით ასანიძესაც დავუსვით, თუმცა, პასუხი იყო, რომ კომპანია ოპტიმისტურად არის განწყობილი.

როგორ და რა პირობით გამოისყიდის თბილისის მიკროავტობუსი ავტომობილებს? მერიასა და მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმში არც ამ კითხვებზეა პასუხი.

მემორანდუმი თბილისის მუნიციპალიტეტსა და 4 კომპანიას შორის ფორმდება, რომლებიც კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” ქოლგის ქვეშ ერთიანდება. ეს კომპანიებია: თბილ ლაინსი, კაპიტალ გრუპსი, თბილ ქარსი და ფაბლიქ ქარსი.