IDS Borjomi-ს ჯგუფი გლობალური კომპანიაა, რომლის პროდუქციაც 40-მდე ქვეყანაში იყიდება. კომპანიის და მისი მფლობელის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, “ბორჯომის” საკონტროლო წილს რუსული ფინანსური ჰოლდინგი “Alfa Group”-ი ფლობს.
თავად “Alfa Group”-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ 15.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ფრიდმანი ასევე არის აქტივების ზომით რუსეთის მეოთხე უმსხვილესი ბანკის “Alfa Bank”-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
“Alfa Group”-ის ჰოლდინგში 8 კომპანია და მათ შორის, თავად "ალფა ბანკიც" ერთიანდება. ამ რვა კომპანიიდან ერთი - IDS Borjomi International-ია, რომლის შემადგენლობაშიც “აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალიც” შედის.
“ბორჯომი” საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებებს საჯაროდ აქვყენებს. Reportal-ისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა 2019 წელს $140.17 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წმინდა მოგება კი $17.3 მილიონი დოლარი იყო. თავად “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” ძირითად ბრენდებს “ბორჯომი”, “ლიკანი”, “ბაკურიანი” და “მიტარბი” წარმოადენს.
ქვეყნების მიხედვით, კომპანიის 2019 წლის გაყიდვები ნაწილდება:
რუსეთის ფედერაცია - $59 მილიონის შემოსავალი;
საქართველო - $37.5 მილიონის შემოსავალი;
ბალტიისპირეთის ქვეყნების შემოსავალი - $14.6 მილიონი;
ყაზახეთი - $11.7 მილიონი;
ბელარუსი - $8.4 მილიონი;
თუმცა, IDS Borjomi International-ის აქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს. ამ წყლის ჩამოსხმა ქალაქ კოსტრომაში ხდება.
2021 წელს IDS Borjomi International-მა 7 მილიარდი რუბლის ($95 მილიონი დოლარის ობლიგაციები) გამოუშვა. ინვესტორთათვის მომზადებულ პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ 2020 წელს კომპანიის გლობალურმა გაყიდვებმა 33.5 მილიარდი რუბლი, ანუ $455 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, IDS Borjomi International-ის შემოსავლის ნახევარზე მეტი არა უშუალოდ "ბორჯომის" ბრენდების არამედ რუსული და უკრაინული წყლების გაყიდვვებისგან ფორმირდება.
დოკუმენტის თანახმად, კომპანიის 60%-იან წილს “Alfa Group”-ი ფლობს, 40% კი მინორიტარი აქციონერების საკუთრებაშია, თუმცა ამ აქციონერების ვინაობა დოკუმენტში დასახელებული არაა.
ცნობილია ის, რომ 2013 წლამდე IDS Borjomi International-ის ძირითად მესაკუთრეს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საინვესტიციო ფონდი Salford Capital Partners-ი წარმოადგენდა. ამ აქტივებს პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე განკარგავდა, რის შემდეგაც კომპანიის საკონტროლო პაკეტი “Alfa Group”-მა შეიძინა. უცნობია წარმოადგენს თუ არა ამჟამად პატარკაციშვილების ოჯახი IDS Borjomi International-ის მინორიტარ (40%-ის მფლობელ) აქციონერს.