მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს ექსპორტი არ გვქონია“ - „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანა 70%-იანი დატვირთვით მუშაობს

64805cfe942d0
ვიქტორია მღებრიშვილი
07.06.23 14:51
8556
ფეროშენადნობების ერთ-ერთი მსხვილი ადგილობრივ მწარმოებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ მიმდინარე წელს ექსპორტი არ განუხორციელებია. მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე საქონელზე შემცირებული მოთხოვნა და დაბალი ფასებია.

ფეროშენადნობების ინდუსტრიასა და კონკრეტულად „ჯორჯიან მანგანეზში“ არსებულ რთულ მდგომარეობაზე კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე უპრეცედენტო კრიზისია. მაისის ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ვიცით, რომ აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. საექსპორტო ბაზრებზე მხოლოდ $2.5 მლნ-ის ფეროშენადნობი გავიდა. 2023 წლის პირველი 4 თვის ჭრილში კი ფეროშენადნობების ექსპორტი 56.8%-ით შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით 84 მილიონ 400 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ მდგომარეობა მათი მოლოდინების საპირისპიროდ შეიცვალა.

„ფეროშენადნობების ბაზარზე ბოლო ვაჭრობა 6 ივნისს გაიმართა და ფეროშენადნობების ფასი 1 006 დოლარამდე შემცირდა. ბოლო 1 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი ფასია. ის მოლოდინი, რაც ფასის ზრდის მიმართულებით წლის დასაწყისში გვქონდა, გააბათილა და საპირისპიროდ შეიცვალა. ეს განპირობებულია იმით, რომ ევროპის ქარხნებში წარმოების სიმძლავრეები არ აღდგა, მოთხოვნა ნაკლები იყო და დამატებითი გარიგებები არ შედგა, შესაბამისად, ფასიც შემცირდა. იანვართან შედარებით, ევროპის ბაზარზე ფეროშენადნობების ფასი 7%-ით არის შემცირებული“, - ამბობს გიორგი ტატიშვილი.

არსებული ვითარების გათვალისწინებით „ჯორჯიან მანგანეზს“ 2023 წელს ადგილობრივად წარმოებული ფეროშენადნობები ექსპორტზე არ გაუტანია. გიორგი ტატიშვილი საექსპორტო ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობას ასე აფასებს:

„რუსეთის მიმართულებით 2023 წელს ექსპორტი არ განგვიხორციელებია. ამ მიმართულებით იმპორტის გადასახადია დაწესებული და ამ ფასების პირობებში, არანაირი ეკონომიკური აზრი და გამართლება ექსპორტს არ აქვს.

რაც შეეხება ამერიკის ბაზარს, იქ ფასები 2%-ით არის გაზრდილი, რაც საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების კლებას ვერ აბალანსებს. ამასთან, რეალიზების მაჩვენებელი შემცირებულია და თვეში 3 000 ტონის ფარგლებშია, რაც გასულ წელს ამ პერიოდში საქონლის რეალიზების მესამედია.
„ჯორჯიან მანგანეზს“ ფეროშენადნობები წელს ექსპორტზე არ გაუტანია და საქონლის რეალიზებას მხოლოდ აშშ-სა და ევროპაში არსებული საწყობებიდან ახდენს“, - ამბობს კომპანიის ფინანსური დირექტორი.

ფეროშენადნობების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილ საწარმოში არსებული ვითარების ცვლილებას სექტემბრიდან ელიან, თუმცა როგორ შეიცვლება მდგომარეობა, ვერ პროგნოზირებენ. შესაბამისად, ვერც იმას ამბობენ, მოახერხებს თუ არა კომპანია ამ დატვირთვით ოპერირების გაგრძელებას მომავალში და მხოლოდ „ჯორჯიან მანგანეზში“ არსებულ მდგომარეობას აღწერენ.

„დღეისთვის „ჯორჯიან მანგანეზი“ 70%-იანი დატვირთვით მუშაობს, იმისთვის, რომ გადავიხადოთ ხელფასები, გვიწევს საკრედიტო რესურსების, სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსების მობილიზება, შესაბამისად, მხოლოდ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ძირითადი ხარჯების დაფარვა გვიხერხდება. ზედმეტია საუბარი კაპიტალურ დანახარჯებსა და ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე.

დღეისთვის ფეროშენადნობთა ქარხნის დატვირთვა თვეში 15-16 ათასი ტონაა. ეს არის 2 სახის სილიკომანგანუმი, ასევე შეგვიძლია ფერომანგანუმის წარმოება, თუმცა მოთხოვნის არ არსებობის ამ დასახელების საქონლის წარმოებაზე გადართვას აზრი არ აქვს. საწარმოო ხაზების გაჩერება აურაცხელ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და გვინდა ფასების პოტენციურ ზრდას დიდი მარაგებით შევხვდეთ, ამიტომ სადაც ფიზიკურად შეგვეძლება, წარმოებას გავაგრძელებთ“, - განმარტავს კომპანიის ფინანსური დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზი“ 6 000 სამუშაო ადგილს ქმნის და დასაქმებულთათვის სამუშაოს შენარჩუნება კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წარმოება გაგრძელდეს.

„ზესტაფონის მიმართულებით თანამშრომლები სრული დატვირთვით მუშაობენ, ჭიათურაში კი თანამშრომლები ხელფასის 60%-ს იღებენ, შენარჩუნებული აქვთ სადაზღვევო პაკეტები, შეჩერებულია სახელფასო ავანსების დაქვითვა და ბანკებთან შეძლებისდაგვარად ვშუამდგომლობთ სასესხო ვალდებულებების გადავადებაზე.

რთულია იმის თქმა, რომ კომპანიამ თავისი სახსრებითა და საკრედიტო ვალდებულებებით ოპერირების შენარჩუნებას მომავალშიც მოახერხებს, თუმცა კომპანია მაქსიმუმს აკეთებს, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს“, - აცხადებს გიორგი ტატიშვილი.