მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ნაკლებად მხარჯველუნარიანი ტურისტები გვყავს, ყველაფერზე ფასდაკლებას ითხოვენ - ჰოტელიერი

6310b6cc60978
მარიამ დემეტრაშვილი
01.09.22 19:00
1628
კოვიდრეგულაციების მოხსნის შემდეგ, 2022 წელს ტურისტულმა სექტორმა აღდგენა დაიწყო. როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ეს ნამდვილად იყო გამოცოცხლების წელი, თუმცა შეინიშნება განსხვავებული ტენდენციები. კერძოდ, 2019 წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის ტურისტული სეზონი ნაკლებად მხარჯველუნარიანი მოგზაურებით გამოირჩეოდა.

ამ თემაზე BMG ჰოტელიერ მაია მურაჩაშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ წელს ტურისტების ნაკადი ძირითადად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოვიდა.

„2022 ნამდვილად იყო გამოცოცხლების წელი, საერთაშორისო ვიზიტორებმა აშკარად დაიწყეს უფრო ხშირი ჩამოსვლა, თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღდგენა არ გვაქვს მაღალმხარჯველუნარიანი ქვეყნებისგან, ისეთი როგორიცაა ევროპის ქვეყნები, კორეა, იაპონია და ა.შ. ასეთი ქვეყნებიდან ტურიზმის აღდგენა ძალიან მინიმალური პროცენტულობით მოხდა. აქცენტი გადავიდა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. მესმის, რომ ეს ის ქვეყნებია, სადაც ხალხს მოგზაურობის უფრო აქტიური კულტურა აქვს, მაგრამ ეს არ არის მაღალმხარჯველუნარიანი ბაზარი. წლევანდელი ტურიზმის ძირითადი ბაზარი, 2019 წლისგან განსხვავებით, დაბალბიუჯეტიანია.

ყველაფერზე ფასდაკლებას ითხოვენ. 2019 წელს ტურისტები მოხარულები თუ იყვნენ, რომ დაეხარჯათ ფული და ენახათ რაც შეიძლება მეტი, წელს ცდილობენ დაზოგონ თანხები, იმაში ჩაეტიონ, რაც გადახდილი აქვთ და დამატებითი სერვისები აღარ მიიღონ“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი.

ჰოტელიერი იმასაც აღნიშნავს, რომ წელს ჯგუფური ტურიზმის ნაცვლად, აქცენტი ინდივიდუალურ ტურიზმზე გადავიდა.

„თითქმის აღარ შეიმჩნევა ჯგუფური ტურიზმი. ძირითადად გადავედით ინდივიდუალურ ტურიზმზე. აქედან გამომდინარე, ტურისტული კომპანიები, რომლებიც ვმუშაობდით დიდ ბაზრებზე, შედარებით მაღალ ბიუჯეტზე, ჩვენთვის ნამდვილად გამოწვევის წელია, რადგან ტურიზმის ფორმატი შეიცვალა“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.