მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საკმაოდ რთული სეზონი იქნება - მანდარინის ექსპორტიორი

632adc4a0ad87
ლიკა გურაბანიძე
21.09.22 21:12
160
მანდარინის ექსპორტიორი კომპანია „აგრო ინვესტ სერვისის” დირექტორი ვაჟა მკურნალიძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ წელს საკმაოდ რთული სეზონი იქნება, რისი მიზეზიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაძვირებული ლოგისტიკა და ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე არაპროგნოზირებადი გარემოა.

“პარტნიორი ქვეყნებიდან ქართული მანდარინის მიღებაზე უკვე გამოხმაურებები გვაქვს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო ბაზრებზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორ ვიმოქმედებთ ჯერ არ ვიცით. წინასწარ პროგნოზების გაკეთება რთულია და არავინ იცის, ვითარება როგორ გამწვავდება, სანქციების რა პაკეტების მიღება მოხდება და საერთოდ ლოგისტიკა შესაძლებელი იქნება თუ არა. ეს ექსპორტიორ კომპანიებს პრობლემებს გვიქმნის, რადგან ნარინჯისფერი რთველისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, ძალიან ბევრი რესურსია დასახარჯი, რომ ექსპორტი გამართულად უზრუნველვყოთ, შესაფუთი მასალებიც გვჭირდება. იმედია, ჩვენ პროდუქციის რეალიზაციას ნორმალურ ფასად შევძლებთ”, - განაცხადა მკურნალიძემ.

მისივე თქმით, მანდარინი საექსპორტო ბაზრებზე მნიშვნელოვნად, 30-40%-ით გაზრდილი ფასით გავა.

“ფასების ზრდის მიზეზი ლოგისტიკის გართულება და გაძვირებაა. ხშირ შეთხვევაში სატრანსპორტო და საზღვაო გადაზიდვები გაძვირებულია, 100-200%-ითაც კი. თუ ტრანსპორტირება $2300 -2500 ჯდებოდა, ახლა $5500-6000 გახდა”, - განმარტა მკურნალიძემ.

კომპანიის ძირითადი საექსპორტო ბაზრები -  რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და ყაზახეთია. როგორც ექსპორტიორი განმარტავს, ბაზრების დივერსიფიცირება რთული საკითხია, რადგან ევროკავშირის ბაზარზე ლოგისტიკა რთულია და პროდუქტის ხარისხიც არადამაკმაყოფილებელი.

“ხარისხი რომც დავაკმაყოფილოთ, 20-25 დღიან ტრანსპორტირებას ციტრუსი ვერ უძლებს და ფუჭდება. ასევე, კონკრეტული ბიუროკრატიული საკითხები ქვეყნების საბაჟოებთან უნდა გამარტივდეს, ხარისხის სერტიფიკატის გაცემა უნდა მოხდეს, თუმცა ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც ხარისხის სერტიფიკატს გასცემს, ასევე შესაბამისი ლაბორატორიები არ გვაქვს”, - აღნიშნა „აგრო ინვესტ სერვისის” დირექტორმა.

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი ნოემბერში იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.