მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანდარინის მოსავალი გასულ წელთან შედარებით, 20-30%-ით მეტია - კომპანიები მოლოდინებზე

მანდარინი

საქართველოში რამდენიმე დღეში ნარინჯისფერ რთველი იწყება. აჭარის მთავრობაში წელს, 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან და საექსპორტო მანდარინსა და ციტრუსს 20-ზე მეტი მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ამ პროდუქტს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.

რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესის პროგნოზებს, წინასწარი შეფასებისთვის BM.GE ციტრუსის ორ უმსხვილეს ექსპორტიორს ესაუბრა.

“აჭარა ტრეიდინგ გრუპის” დამფუძნებელი კახა შავაძე აღნიშნავს, რომ სტიქიების მიუხედავად, წელს კარგ მოსავალს ელიან.

„საკმაოდ ხარისხიანი მოსავალია. გაუმჯობესებულია როგორც ხარისხით, ასევე რაოდენობა. გასულ წელს ფერმერებიც და ექსპორტიორებიც მოსავლის ხარისხით უკმაყოფილოები ვიყავით, თუმცა წელს სტიქიური შემოტევის მიუხედავად დამაკმაყოფილებელი შედეგი გვაქვს.

ვფიქრობ, ქვეყანა 40 000 - 50 000 ტონამდე საექსპორტო მოსავალს მიიღებს“, - აღნიშნავს კახა შავაძე.

მოსავლის აღების შემდეგ ექსპორტიორები პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვას დაიწყებენ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქვეყნის მთავარი საექსპორტო მიმართულება რუსეთი იყო. “აჭარა ტრეიდინგ გრუპის” დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს ტენდენცია წელსაც ნარჩუნდება, თუმცა კომპანიას ახალი საექსპორტო ბაზრებიც აქვს.

„წელს ჩვენი კომპანია 300-400 ტონა ციტრუსის ექსპორტს უზბეკეთში - ჩვენთვის ძალიან საინტერესო მიმართულებით ვგეგმავთ. ჩვენი ციტრუსისთვის საინტერესოა შუა აზიის ბაზარი, ჩვენი საექსპორტო ქვეყნები ასევე ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი იქნება“, - ამბობს ის.

მოსავლის რაოდენობის ზრდაზე საუბრობს “აგრო ინვესტ სერვისის” დირექტორიც. ვაჟა მკურნალიძე ამბობს, რომ წელს ქვეყანა საექსპორტო შედეგებს გააუმჯობესებს. რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ წელს ქვეყნისთვის საექსპორტო ბაზრები კვლავ ტრადიციული მიმართულებები იქნება, რაც შეეხება ევროპას, კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს ევროპაში ექსპორტის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა ეს სრულ სურათს არ ქმნის.

„ხარისხიანი საექსპორტო მანდარინის მოსავალი გასულ წელთან შედარებით, 20-30%-ით მეტია.

რაც შეეხება ექსპორტს, ევროპაში რომ პროდუქცია ორგანიზებულად შევიდეს, ქვეყანაში ის სტანდარტი უნდა იყოს, რასაც ევროპა ითხოვს. ევროპული ბაზარი საქართველოს ხარისხის სერტიფიკატს მოსთხოვს. საქართველოში არ არის დაწესებულება, რომელსაც შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატის გაცემა შეუძლია. ასევე სტანდარტი უნდა არსებობდეს, ჩვენ სამწუხარო დღესაც ძველი საბჭოური სტანდარტებით ვსარგებლობთ“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები