მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wine Diamond-ის ქართული თემატიკის აქსესუარები ამერიკასა და იაპონიაში იყიდება

63ee1fe630d1d
სალომე ხიდურელი
20.02.23 00:03
989
ქართული ღვინის ქვისგან დამზადებული აქსესუარები ექსპორტზე ნიუ-იორკსა და ტოკიოში გადის. კომპანია Wine Diamond-ის დამფუძნებელი, თამარ აბულაძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ბრენდის მიზანია, აქსესუარების სრულიად ახალი ხაზი - ღვინო სამკაულში - მსოფლიოს ტრენდად აქციოს.

„ამ ეტაპზე, Wine Diamond-ის აქსესუარები გასაყიდად ნიუ-იორკში გვაქვს წარდგენილი. ექსპორტზე იაპონიაშიც გავედით. რამდენიმე ქვეყანაში სატესტოდ მცირე რაოდენობით გავგზავნეთ და კარგი გამოხმაურება გვაქვს. ვინაიდან ბრენდიც და კონცეფციაც ახალია, მსოფლიო ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად მეტი მუშაობა გვჭირდება; ვინაიდან ამ მიმართულებით მხოლოდ ჩვენ ვმუშაობთ, გზის გაკვალვა რთულია.

კომპანია 2021 წელს მას შემდეგ დავაარსეთ, რაც ასევე ჩემი ბრენდის Emocia Wines-ის ღვინის თემატიკის სუვენირებმა ქართველებსა და ტურისტებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. გვინდოდა, პრემიუმ ბრენდი შეგვექმნა. Wine Diamond-მა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, რადგან ჩვენი აქსესუარები ინოვაციაა - ღვინის ქვისა და ვერცხლისაგან დამზადებული ბეჭდები, საყურეები და ა.შ. გვინდა, ღვინო სამკაულში ბაზარზე ახალ ხაზად იქცეს“, - ამბობს თამარ აბულაძე.

ცნობისთვის, ღვინის ქვის კრისტალები ღვინის მჟავას კალიუმის მარილებია, რომლებიც ქვევრსა თუ ცისტერნებში ტემპერატურის მკვეთრად დაცემის შემთხვევაში, ბუნებრივად წარმოიქმნება.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, Wine Diamond-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სულ მალე ბრენდი ბაზარზე ტანსაცმლის კოლექციასაც ჩაუშვებს.

„ტანსაცმლის კოლექციის მზადების პროცესში ვართ, თუმცა მცირე ნაწილი უკვე მზად გვაქვს. ტექსტილზე ქართული სხვადასხვა თემატიკის ფოტოები და წარწერები გვაქვს დატანილი და ჩანთებსა და მაისურებს ვაწარმოებთ. უახლოეს მომავალში გაყიდვაშიც ჩავუშვებთ“, - განმარტავს თამარ აბულაძე.

კომპანიის დამფუძნებელს BM.GE-მ აქსესუარების წარმოების სირთულეებზეც ჰკითხა. მისი თქმით, ბრენდისათვის შემდეგ ეტაპებზე გადასასვლელად მეტი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსია საჭირო.

„გვინდა, წარმოების ახალ ეტაპზე გადავიდეთ, რომელიც მაღალი რანგის დიზაინსა და მომსახურებას მოითხოვს, ამისათვის კი მეტი ფინანსური რესურსი გვჭირდება. „აწარმოე საქართველოში“-ს დაფინანსებით იმ დანადგარების შეძენა შევძელით, რომლებიც ახლა ტანსაცმლის ხაზის წარმოებაში გამოიყენება. მათივე დახმარებით, შარშან Wine Diamond-მა რებრენდინგი განიცადა, სწორედ ამ მიმართულებით გვჭირდება ხელშეწყობა, რათა ინტელექტუალური რესურსი ბრენდის მარკეტინგს მოვახმაროთ“, - ამბობს თამარ აბულაძე.

ინფორმაციისთვის, Wine Diamond-ის აქსესუარების შეძენა ბრენდის ვებგვერდზე შეგიძლიათ. მათი ღირებულება 80-დან 490-ლარამდეა.