მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wissol-ის გენდირექტორი: საწვავს თითქმის თვითღირებულების ფასად ვყიდით

605090243ae49
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.21 16:16
5830
2020 წლის დასაწყისიდან „ვისოლის“ გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 30 თეთრით გაიზარდა. როგორც ნავთობის იმპორტიორი კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა გადაცემა „საქმის კურსთან“ საუბრისას აცხადებს, საწვავის გაძვირების მთავარი ინდიკატორი საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების მკვეთრი ზრდაა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან შეიმჩნევა.

„ჩვენ საწვავის ფასების კორექტირება წლის დასაწყისიდან დავიწყეთ და, დაახლოებით, 6-ჯერ 5-თეთრიანი ნიშნულით გავზარდეთ ანუ წლის დასაწყისიდან დღემდე ჩვენს ქსელში ფასი 30 თეთრით გაიზარდა. თუ შევხედავთ საერთაშორისო ბაზარზე რა ცვლილებებიცაა, ფასები კიდევ გასაზრდელია, რადგან თუ წლის დასაწყისში ნავთობის ფასი 1 ტონაზე 450 დოლარი იყო, დღეს ეს ნიშნული 200 დოლარითაა გაზრდილი და 650 დოლარს შეადგენს, რაც ლიტრებში დღგ-ის ჩათვლით 60 თეთრია“, - აცხადებს „ვისოლის“ გენდირექტორი.

ვასილ ხორავა განმარტავს, რომ დღეისათვის შიდა ბაზარზე კომპანიის მიერ საწვავზე მომატებული ფასი მინიმალურია, თუმცა რამდენიმეთვიან ჭრილში მომხმარებლისთვის საწვავი მნიშვნელოვნად გაძვირდა.

„რამდენიმე დღის წინ  პლატცზე 1 ტონა ნავთობის ფასი 605 დოლარი იყო, დღეს კი 650 დოლარია. ეს კარგად აჩვენებს, რომ სხვაობა 45 დოლარია. შესაბამისად, თუ 605 დოლარის პირობებში მისაღები ფასი 2.42 ლარი გამოდიოდა, დღეს ეს 2.50 ლარია. რაც შეეხება შიდა ბაზარზე ცვლილებას, ეს ეტაპობრივად ხორციელდება. გვშველის ის, რომ ნაშთების ხარჯზე ფასები მყისიერად არ იზრდება. საწვავი, ეტაპობრივად, 3-5 თეთრით კორექტირდება, რათა მომხმარებლისთვის შემაწუხებელი არ იყოს, თუმცა თუ ავიღებთ დიდ სურათს, 30-თეთრიანი მატება საკმაოდ დიდი ნიშნულია და შემაწუხებელია.

ამ ეტაპზე მძიმე სურათი გვაქვს. დღეს საწვავს თითქმის თვითღირებულების ფასად ვყიდით. წლის დასაწყისში არსებული ტრენდი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ცვლილება მინიმალური იყოს. მარტივი სტატისტიკაა, დღეს არსებული ფასების მიხედვით, საწვავი 60 თეთრით მეტი უნდა ღირდეს, მაგრამ ნაშთების გათვალისწინებით, მხოლოდ 30 თეთრი მოვუმატეთ", - განმარტა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა. 

ცნობისთვის: „ვისოლის“ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი სხვადასხვა საწვავის ფასი ასეთია: ეკო სუპერი – 2.81 ლარი; ეკოპრემიუმი – 2.71 ლარი; ევრორეგულარი – 2.50 ლარი; ევროდიზელი – 2.66 ლარი; ეკოდიზელი – 2.72 ლარი; დიზელ ენერჯი – 2.59 ლარი; გაზი – 1.37 ლარი.