ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა - საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ინფლაციის ასეთი დაბალი დონე 2016 წლის ნოემბრის შემდგომ არ ყოფილა. ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით, დღეს კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. მისი განცხადებით, 2023 წლის ბოლომდე ქვეყანაში სავარაუდოდ 3%-ზე დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს ინფლაციის დონე სავარაუდოდ 3%-თან ახლოს იქნება.
ამასთან, არჩილ მესტვირიშვილის განმარტებით, ამჟამად ინფლაციის კლების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარებაა, რაც იმპორტირებული საქონლის ფასების კლებაზე დადებითად მოქმედებს.
“ინფლაციის კლების ძირითადი მდგენელია საბაზო ეფექტი, რაც დაკავშირებულია იმპორტირებული პროდუქციის ფასებთან, რომელიც უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი. თუმცა, ამას ჩვენს მონეტარულ პოლიტიკაზე დიდი გავლენა არ აქვს. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რა ხდება ადგილობრივი პროდუქციის ფასების ინფლაციის მხრივ, რასაც აქვს შემცირების ტრაექტორია. მოსალოდნელია, რომ ეს შემცირების ტრაექტორია წლის განმავლობაში გაგრძელდება. წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება და მომავალ წელს მიზნობრივთან ახლოს. ეს არის ჩვენი ახლანდელი პროგნოზი,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
სებ-ის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური სცენარების თანახმად, 2023 წლის განმავლობაში საბაზისო სცენარით, რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთი პროცენტული პუნქით შემცირდება და ის 9,5% გახდება. ამასთან, საშუალო ინფლაციის დონე ქვეყანაში 2.8%-ზე არის მოსალოდნელი.