მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლიურად კვერცხი და რძე 21%-ით გაძვირდა, ზეთი და კარაქი - 20%-ით, ხორცი -11%-ით

6311af5f1f56c
შოთა ტყეშელაშვილი
02.09.22 11:23
765
საქსტატმა დღეს წლიური ინფლაციის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, აგვისტოში წინა წელთან შედარებით ფასების საერთო დონე 10.9%-ით გაიზარდა. კონკრეტული ჯგუფების მიხედვით, ფასები ყველაზე მკვეთრად არის მომატებული სურსათის ჯგუფზე, სადაც მატება 15.8%-ს აღწევს. გაზრდილია ყველა ძირითადი სასურსათო პროდუქტის ღიირებულება.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (32.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (20.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (20.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (19.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.6 პროცენტი), თევზეული (13.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.6 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით, რაც 1.87 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18.7 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.6 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.19 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (22.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 14.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც საზოგადოებრივი კვების (15.4 პროცენტი), ისე ღამის გასათევით მომსახურების (11.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.