მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წვდომა EU-ს 11 პროგრამაზე, 14-მილიარდიან ფონდზე - რა დაკარგა საქართველომ კანდიდატობის ვერმიღებით?

62b55f0daac36
შოთა ტყეშელაშვილი
24.06.22 11:00
19923
საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი საუბრობს იმ ბენეფიტებზე, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერმიღებით დაკარგა. დიპლომატი განმარტავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ინსტრუმენტი, რომელთანაც საქართველოს კანდიდატობის შემთხვევაში ექნებოდა წვდომა არის გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტი IPA III, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს.

ამასთანავე, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველოს გაუჩნდება წვდომა ევროკავშირის 11 პროგრამაზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავენ.

“1. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს (პოტენციური კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ვრცელდება შეზღუდულად) წვდომა აქვთ გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის ფონდებზე (IPA III-2021-2027), რომელიც მოიცავს 14 მილიარდ ევროს და 5 თემატურ მიმართულებას:

- ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი)
- ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი)
- სასოფლო და სათემო დასახლებების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)
- რეგიონების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი)
- ადამიანური რესურსების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი).

2. გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტზე არის ასევე მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა (2021-2027), რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან (EIB, KfW, EBRD, WB, IMF და ა.შ.) და კერძო სექტორიდან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ( 9 მილიარდი გრანტი და 20 მილიარდი საფინანსო ინსტიტუტების ინვესტიციები) და ინვესტიციებს შემდეგი მიმართულებებით ტრანსპორტის, კერძო სექტორის განვითარების, ადამიანური რესურსების და ა.შ.

3. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა ექნებათ ევროკავშირის ყველა პროგრამაზე ( 11 პროგრამიდან დღეს წვდომა მხოლოდ მცირე ნაწილზე გვაქვს როგორიც არის ერაზმოს +, ჰორიზონტი 2020, კრეატიული ევროპა).

4. კანდიდატ ქვეყნებს შეეძლებათ კვლავ გამოიყენონ ე.წ. ევროკავშირის სამეზობლო, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის (NDICI) ინსტრუმენტით გათვალისწინებული თემატური ფონდებიდან დაფინანსება, რომელიც 2021-2027 წლებისთვის 19 მილიარდ ევროს შეადგენს.

ამ ფინანსური დახმარებების გამოყენება დამოკიდებული იქნება კანდიდატი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ინდივიდუალურ პროგრესზე.

ამ შესაძლებლობების გამოყენებას საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის ზრდაზე ექნება წარმოუდგენლად დიდი ხელშესახები შედეგი.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით ამ შესაძლებლობების გამოყენებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში (კვლევის პერიოდში უკრაინა, მოლდოვა, საქართველოზე არ განიხილებოდა სტატუსის მინიჭება) მთლიანობაში არა მხოლოდ 6,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის გენერირება არის შესაძლებელი, არამედ ამ ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტაბური ზრდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი და მისკენ სიარული მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულება. ვაღიაროთ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პირობები და დაუყოვნებლივ დავიწყოთ მათი დაკმაყოფილება,”- წერს საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი.

გუშინ, ევროპულმა საბჭომ გაიზიარა ევროკომისიის მოსაზრება და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემას დათანხმდა. უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებმაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვეს, საქართველოს შესასრულებელი აქვს 12 მოთხოვნა, რომლებიც დეოლიგარქიზაციას, სასამართლო რეფორმას და დემოკრატიულ წინსვლას მოიცავს. მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღება შეეძლება. ევროკავშირი საქართველოს შესახებ პროგრესის შეფასებას 2022 წლის დეკემბერში მოახდენს.

გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ახლა ჯერი საქართველოზეა განახორციელოს რეფორმები. მაკრონი თბილისში 20 ივნისს გამართულ მრავალათასიან აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ მოქალაქეთა მოწოდებით უნდა იხელმძღვანელოს და რეფორმების გზას მიჰყვეს. 

"იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის, ქალბატონმა პრეზიდენტმა უკვე აღნიშნა და მას ვეთანხმები, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ ყველამ დავინახეთ, თუ რამდენად მტკიცე და აშკარაა ქართველების ნება. ეს არის ის საფუძველი, რომელზეც რეფორმები უნდა დაშენდეს,"-აცხადებს მაკრონი.