მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს 12 სანატორიუმის პრივატიზების მეორე აუქციონი ჩაიშალა

6328150915b69
ვიქტორია მღებრიშვილი
19.09.22 11:14
1123
მთავრობის მიერ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში სანატორიუმების გასხვისების მეორე მცდელობა, 12-ვე საპრივატიზებო ქონებასთან მიმართებით ჩაიშალა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პირობიან აუქციონზე 4 აგვისტოს, პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ, გამოტანილი 12 სანატორიუმით ინვესტორები ამჯერადაც არ დაინტერესდნენ. შედეგად 27 396 000 ლარად შეფასებული ქონება - სანატორიუმები „უშიშროება“, „წყალტუბო“, „სამგურალი“, „სავანე“, „რკინიგზელი“, „მეგობრობა“, „იმერეთი“, „გეოლოგი“, „გელათი“ და „აია“ კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება.

როდის გამოცხადდება მთავრობის წყალტუბოს განახლების ახალი პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონებაზე შემდგომი აუქციონი - BM.GE-ს ამ კითხვაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში კონკრეტული თარიღს არ ასახელებენ და ამბობენ:

„სააგენტო აქტიურად აგრძელებს მოლაპარაკების პროცესს დაინტერესებულ მხარეებთან და უახლოეს პერიოდში განმეორებით მოხდება აუქციონის ინიცირება“.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს პირველ ჯერზე გამოცხადებულ აუქციონზე, რომელიც 4 აგვისტოს დასრულდა, 14 ქონებიდან ორი გაიყიდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. სანატორიული „თბილისი“ 3.152 მლნ ლარად კომპანია „აკამ“, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ 5.830 მლნ ლარად კომპანია „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ შეიძინა. რაც შეეხება დანარჩენ სანატორიუმებს, მათზე აუქციონების ვადა გახანგრძლივდა. როგორც ქონების ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავდნენ, გადაწყვეტილება ბიზნესსექტორის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და თხოვნის შედეგად იყო მიღებული, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, აუქციონები 16 სექტემბერს უშედეგოდ დასრულდა.

ცნობისთვის: "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ გასაყიდად სულ 14 ობიექტი - 5 პრემიუმ კლასის, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი გამოიტანა, რომელთა ჯამური ღირებულება სააგენტოს ცნობით დაახლოებით 50 მლნ ლარია. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.