მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხარჯებისა და აქციზის შემცირება - რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ინფლაციის შესამცირებლად?

61b1af7eb2dbd
მარიამ ვარადაშვილი
09.12.21 12:00
602
ეკონომისტი აკაკი ცომაია ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობას ინფლაციაზე გავლენის მოხდენა ბიუჯეტის დეფიციტის და ნავთობზე აქციზის გადასახადის შემცირებით შეუძლია. აკაკი ცომაია შესაბამის სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“დღეს, იმ შეზღუდულ ბერკეტებს შორის, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, ინფლაციაზე შედარებით ეფექტური ზემოქმედება ქვეყნის მთავრობას შეუძლია თუ ის:

1. მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯვას რამოდენიმე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მაინც. ცხადია, ეხება შესყიდვებს და არა ტრანსფერებს;

2. აქციზის გადასახადს შეამცირებს (ან დროებით მაინც შემცირებს) ნავთობზე...

თუმცა მთავრობას ეს საკითხი ნაკლებად ადარდებს. ხელს იშვერს ეროვნული ბანკისკენ, ხოლო ამ უკანასკნელს კი შეუძლია ლარის სესხის მქონე და პოტენციური მსესხებელი შინამეურნეობებისა და ფირმებისთვის საპროცენტო ხარჯების გაზრდა.

საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობა გაურკვეველია. ვერავინ გაზომავს დახარჯული ლარის კოლექტიური სარგებლის დონეს. შინამეურნეობებისა და ფირმების თითოეული ლარი დათვლილია. საპროცენტო დანახარჯის ყოველი ერთეული დაკარგული შესაძლებლობაა. სხვა სიტყვებით, დიდი ალტერნატიული დანახარჯია,”-წერს ცომაია.

მისივე თქმით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სესხების რაოდენობის შემცირებაზე გავლენას რამდენიმე თვის შემდეგ მოახდენს, საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას კი ინფლაციაზე უფრო სწრაფი ეფექტი ექნება.

“სესხის გაძვირების გავლენას მოთხოვნაზე სულ მცირე, 4 კვარტალი სჭირდება. ტკივილგამაყუჩებელმა რომ რამდენიმე დღის მერე დაიწყოს მოქმედება, მსგავსი ეფექტი აქვს და ამის მერეც დრო სჭირდება ფასების მოთოკვას, რადგან სესხების გარკვეული რაოდენობა უცხოურ ვალუტაშია. საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებას შედარებით სწრაფი გავლენის მოხდენა შეუძლია მოთხოვნაზე.
ცენტრალური ბანკი უძვირებს სესხებს შინამეურნეობებსა და ფირმებს და ამ დროს, საბიუჯეტო სექტორი ზრდის ხელფასებს, ასუბსიდირებს იპოთეკურ სესხებს... რა ჩამოთვლის, ბევრია.

თუ მთავრობა ინარჩუნებს ბიუჯეტის დეფიციტს, სამიზნე ინფლაციის შენარჩუნება ხერხდება მხოლოდ შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნების ხარჯზე. სხვა სიტყვებით, როდესაც ინფლაცია იწყებს შემცირებას, ცენტრალური ბანკი მეთოდურად ამცირებს საპროცენტო განაკვეთსაც, მაგრამ ბიუჯეტის დეფიციტი ამის შესაძლებლობას აღარ იძლევა. პირობითად, იმ დაშვებით, რომ რეალური საპროცენტო განაკვეთის ბუნებრივი ნიშნული 2%-ია (დისკონტის განაკვეთი), 3% მიზანზე, გვექნება 5% (ნომინალურს-ინფლაცია), მაგრამ რაც უფრო მაღალია ბიუჯეტის დეფიციტი, მით უფრო მაღალ ნიშნულზე მოუწევს ცენტრალურ ბანკს მისი შენარჩუნება. გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯებს აქვს მრავალი ფასი, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ შინამეურნეობები და ფირმები იხდიან მაღალ საპროცენტო ხარჯებს.

დღეს ვიჯექი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ვუცქერდი სანახაობას და ვფიქრობდი თუ რა შორს არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხელის აწევ-დაწევით ცვლიან ჩვენს ცხოვრებას, იმისგან, რაც ზემოთ დავწერე,”-წერს ცომაია Facebook-ზე.