მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა - მთავრობის ცნობით, მგზავრობის დრო 40%-50%-ით შემცირდება

5f40def428b26
თელარა გელანტია
22.08.20 13:02
3860
ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია, - აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ნაწილი - ხაშურის შემოვლითი გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გახსნა.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც არის, პირველ რიგში, ხაშურლებისთვის და, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოსთვის.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლისგანაც 11 კილომეტრი არის სრულად 4 ზოლიანი, 2 კილომეტრი დროებით, ოქტომბრის ბოლომდე არის 2 ზოლიანი, ეს არის უმნიშვნელოვანესი. რატომ? ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა. მოგეხსენებათ ხაშურში რა ხდებოდა ეკოლოგიურად, მოძრაობის თვალსაზრისით, ხაშური იყო ჩვეულებრივი სატრანზიტო ქალაქი. დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რატომაა და რატომ ვჩქარობდით წვიმაში ამის გახსნას, დღეს უკვე გზა გახსნილია და დასავლეთი-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ადამიანებს აღარ მოუწევთ ხაშურის გავლა.

ხაშურლებისთვის ეს რა არის? პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება, მოგეხსენებათ ეს იყო კატასტროფული მოძრაობა ხაშურში, საცობებს თავი რომ დავანებოთ, უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, ეკოლოგიაც. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც არის პირველ რიგში ხაშურლებისთვის და რა თქმა უნდა მთელი საქართველოსთვის.

ახლა შვებულებების სეზონია და ყველა ვმოძრაობთ, ვხედავთ რამდენად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, წელს ჩვენ უკვე გავხსენით ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი, ისევე, როგორც ჯაპანა-ლანჩხუთის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ წელს არის ყველაზე მასშტაბური გახსნები, საბოლოო ჯამში, 70 კილომეტრი გაიხსნება და ყველაზე მასშტაბური სამუშაოები, რაც აქამდე ყოფილა აღმოსავლეთ-დასავლეთის მონაკვეთზე. როგორც კი რიკოთი დასრულდება, ჩვენ ხარისხობრივად მივიღებთ ახალ ქვეყანას, ეს იქნება სულ სხვა მობილობა, ეს იქნება სულ სხვა ხარისხობრივად ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, რომ წელს ამ 70 კილომეტრის ძირითადი მონაკვეთები რა არის, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად და ჯაპანა-ლანჩხუთის გზა. ასევე, მიმდინარეობს ბათუმის შემოვლით გზაზე მუშაობა და 2022 წლისთვის ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები