მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხდება თუ არა საქართველოს ფოსტა კერძო სექტორის კონკურენტი?

5f0ef50fb87d0
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.20 10:10
1692
მთავარია, დიდმა კომპანიებმა, რომლებსაც ელექტრონული კომერციის სეგმენტში შემოსვლის რესურსი აქვთ, გარკვეული სუბორდინაცია დაიცვან და აქცენტი ხარისხზე გააკეთონ, - ასე აფასებს BM.GE-სთან ქართული საკურიერო კომპანია „ონვეი დელივერის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი თამარ გოგოლაშვილი „საქართველოს ფოსტის“ ახალ სერვისს, რომელიც მომხმარებელს კორპორატიულ საკურიერო მომსახურებას სთავაზობს. „კორპორატიული საკურიერო მომსახურება“ გულისხმობს Door to door delivery მომსახურებას ონალაინ შოპინგისას; საქართველოს ფოსტა აღნიშნავს, რომ სერვისი მორგებულია ონლაინ გაყიდვების მოთხოვნებზე, ამიტომ მოიცავს მომსახურების ისეთ პირობებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სტანდარტულ საფოსტო მიმართულებაში.

ხდება თუ არა სახელმწიფო კომპანია საქართველოს ფოსტა კერძო სექტორის კონკურენტი ამ მიმართულებით?

თამარ გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ პანდემიამ ელექტრონული კომერციის სერვისის უპირატესობები გამოავლინა და მისი განვითარება დააჩქარა, აქედან გამომდინარე გაჩნდა საფოსტო მომსახურების ზრდის შესაძლებლობაც.

"პანდემიის პირველ პერიოდში ელექტრონული კომერციის სეგმენტში ზრდა ძალიან დიდი იყო, ახლა შედარებით შენელებულია და სანამ ეკონომიკური პროცესები არ დარეგულირდება, ზრდა იქნება, თუმცა, არა ისეთი, როგორც ეს პანდემიის დაწყებისას იყო. ჩემი აზრით, საფოსტო მიმართულებები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ელექტრონული კომერციის ბაზარი მზარდია. თუმცა, მთავარია, დიდმა კომპანიებმა, რომლებსაც აქვთ რესურსი და შემოდიან ამ სეგმენტში, გარკვეული სუბორდინაცია დაიცვან და ხარისხზე გააკეთონ აქცენტი. ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ დიდი რესურსის მქონე კომპანიები, შემოდიან საბაზროზე დაბალი ფასებით, რაც ცუდად აისახება პატარა კომპანიებზე“, - ამბობს „ონვეი დელივერის“ დირექტორი.

თამარ გოგოლაშვილი ელექტრონული კომერციის ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიებმა ოპერირება ბიზნეს ეთიკის გათვალისწინებით უნდა მოახდინონ, რადგან მომხმარებლის მიზიდვა დაბალი ფასებით მარტივია.

„ბაზრის განვითარებას ძირითადად მცირე ზომის კომპანიები განაპირობებენ, რადგან ჩვენი სტიმული არის ხარისხი. იქიდან გამომდინარე, რომ ვართ პატარა, უნდა გვქონდეს კონკურენტული უპირატესობა და ეს ვერ იქნება მხოლოდ ფასი, მუდმივად ვართ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა დავიჭიროთ. შესაბამისად, ფასი ჩვენთვის წამყვანი არ არის.

თუ მსხვილი კომპანიები, იგივე "საქართველოს ფოსტა", ხელს შეუწყობს ამ ბაზრის განვითარებას, მაგალითად ტექნოლოგიური თვალსაზრისით აწევენ მომსახურების ხარისხს და ა.შ. ეს ყველაფერი კარგი იქნება ბაზრისთვის, მაგრამ ეს გარკვეული ბიზნეს ეთიკის ფარგლებში უნდა მოხდეს. არ უნდა დადგინდეს დემპინგური ფასები, რომლითაც სხვა კომპანიები დაზიანდებიან. ჩვენ ისედაც დიდი კონკურენციის პირობებში გვიწევს ოპერირება.

სამწუხაროდ, საფოსტო ბაზარი ჩვენთან არ არის იმდენად ჩამოყალიბებული, ამიტომ მომხმარებლები თავდაპირველად ხარისხს არ აქცევენ ყურადღებას და მხოლოდ გამოცდილების მიღების შემდეგ უჩნდებათ მოთხოვნები“, - განმარტავს საკურიერო კომპანიის თანადამფუძნებელი.