"ელექტრონული კომერციის ასოციაციის" პრეზიდენტი, თამარ გოგოლაშვილი BM.GE-სთან ელექტრონულ კომერციაში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ხშირად მომხმარებელს კანონი არასწორად ესმის, თუ რა პროდუქციის დაბრუნების უფლება აქვს ან რისი არ აქვს. კანონი კი, როგორც მომხმარებელზე, ასევე ბიზნესზე უნდა იყოს მორგებული.
„პირობები და ზოგადად კანონი, ორივე მხარეზე მორგებული უნდა იყოს როგორც მომხმარებელზე, ასევე ბიზნესზე. რადგან, თუ ბიზნესის ინტერესებიც დაცული არ იქნება, მომხმარებლის მხრიდან ბევრი უსამართლო დამოკიდებულების შემთხვევაში, ბიზნესზე აღნიშნული ცუდად აისახება და სერვისი ისევ მომხმარებელს გაუძვირდება.
ხშირად, კანონი არასწორად არის ხოლმე კანონი გაგებული, როგორც მომხმარებლების, ასევე ბიზნესის წარმომაგდენლების მხრიდან. მომხმარებელი არ არის ინფორმირებული ხოლმე რისი დაბრუნების უფლება აქვს, ან არ აქვს. კანონის თანახმად, არსებობს გარკვეული პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა უპირობოდ დაბრუნება არ შეიძლება.
ვფიქრობ, რომ ის შენიშვნები, რაც ონლაინ მაღაზიას აქვს, ასოციაციასთან აუცილებლად უნდა დააფიქსირონ. თუ ხედავენ კანონში რაიმე უსამართლობას ან წინააღმდეგობას, რომელიც ბიზნესს და საბოლოო ჯამში ბაზარს აზიანებს, საკანონმდებლო დონეზე კომუნიკაცია შესაბამის ორგანოებთან უნდა მოხდეს,“- აცხადებს გოგოლაშვილი.
ინფორმაციისთვის, კვლევებით, ელექტრონული კომერციის შეფასებულმა ბაზრის ზომამ 2022 წელს 1,3 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2023 წლის 6 თვეში კი მოცულობამ უკვე 1.026 მილიარდს მიაღწია, რაც 103%-იან ზრდაზე მიუთითებს. სავარაუდოა, რომ 2025 წლისთვის, ბაზარი 3.6 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც 18.9%-იან საშუალო წლიურ ზრდას გულისხმობს.