მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე არაოფიციალურად მომუშავე ონლაინ მაღაზიები ე.წ. შავ ბაზარს ქმნიან - "საჭირომანია"

ელ. კომერცია

ონლაინ მაღაზია „საჭირომანიას“ დამფუძნებელი, ვიტალი კვერღელიძე BM.GE-სთან ელექტრონულ კომერციაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სექტორში ბაზარზე შესვლის ბარიერები არ არსებობს, რაც ნებისმიერ ადამიანს ბაზარზე შესვლის საშუალებას აძლევს.

მისივე ინფორმაციით, ელექტრონული კომერცია მზარდია როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოც, თუმცა ბაზარზე არსებული არაოფიციალური ონლაინ მაღაზიები ე.წ. შავ ბაზარს ქმნიან და შესაბამისად ბაზარი ფუჭდება.

„ბაზარზე გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ელექტრონული კომერციისადმი ნდობა ჩამოუყალიბდათ. ანუ, მომხმარებლის ქცევა და მენტალობა ძალიან არის შეცვლილი. თუმცა, კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. კანონპროექტის შემუშავებამ, რომელიც ელექტრონულ კომერციას არეგულირებს, ძალიან შეუწყო ხელი, მომხმარებლებში ნდობის ამაღლებას. ბაზარი არ არის მონოპოლიზირებული, თუმცა გარკვეული ტიპის მცდელობები იყო კერძო კომერციული ბანკების მხრიდან, რომ სექტორში შემოსულიყვნენ, თუმცა მათი მცდელობა ვერ განხორციელდა.

რაც შეეხება რისკებს, ბაზარზე შესვლის ბარიერი არ არსებობს და ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ სექტორში შევიდეს. ძალიან დიდი წილია იმ ონლაინ მაღაზიებისა, რომლებიც არაოფიციალურად მუშაობენ და ე.წ. შავ ბაზარს ქმნიან, რაც ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს. პირველ რიგში იმ მხრივ, რომ მომხმარებლებში მცირდება ნდობა, რადგან ის კომპანიები, რომლებიც არაოფიციალურად მუშაობენ, შემდეგ არ იღებენ პასუხისმგებლობას გაყიდულ პროდუქტზე ან სერვისზე, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობენ. მეორე მომენტი ის არის, რომ ასეთი კომპანიები არ იხდიან გადასახადებს და კონკრეტულ პროდუქტზე დემპინგის გამოცხადება, შესაბამისად გვაზარალებენ იმ კომპანიებს, რომლებსაც ბიუჯეტში თანხა შეგვაქვს და მათზე მეტი ხარჯი გვაქვს,"-აცხადებს კვერღელიძე.

მისი თქმით, სექტორის მიმართ ნდობის ზრდას დრო სჭირდება. აღნიშნული გამოწვევები კი მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანამ გაიარა, სადაც ელექტრონული კომერციაა განვითარებული. ამასთან, ახალი დადგენილება, რომელიც ელექტრონულ კომერციას არეგულირებს, მომხმარებელს არა მხოლოდ მის უფლებებს, არამედ მის მოვალეობებსაც უნდა აცნობდეს და ბიზნესის ნაწილიც გათვალისწინებული უნდა იყოს.

„ძალიან ბევრ მომხმარებელს არასწორი ინფორმაცია აქვს თავისი უფლებების შესახებ. ამასთან, კანონში ჩადებულია ძალიან ბევრი დებულება, რომელიც საშუალებას აძლევს არაკეთილსინდისიერ მომხმარებელს, რომ კომპანიის ხარჯზე მოგება მიიღოს,“-აღნიშნავს „საჭირომანიას“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები