მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია” - რა დოკუმენტს ამტკიცებს დღეს მთავრობა?

6315d13ae15cd
თამთა ჯიჯავაძე
05.09.22 14:34
2395
"ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს საკითხი - სახელწოდებით „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. საქმე ეხება დოკუმენტს, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისში დაანონსდა. 

პრემიერის თქმით, ეს არის გეგმა, რომელშიც გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.

„პირველი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო ეს არის ჩვენი დაპირება, რომელზეც ჩვენ გასულ წელს ვსაუბრობდით, ეს არის ინციატივა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას 2030. ჩვენი ხედვა, რომელშიც გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ მოამზადა საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა და გეგმები და ახლა ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“. ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას.

ეს ჩვენი საერთო ამოცანაა, სოციალური თანასწორობა, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულია ამ დოკუმენტში. მინდა ყველა უწყებას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ეს დოკუმენტები მზად გვქონდა შარშანვე, მაგრამ ამის შემდეგ დაიხვეწა თითოეული დოკუმენტი, განახლდა მონაცემები და დღეს უკვე დასრულებული სახით წარმოვადგენთ, მთავრობა დაამტკიცებს და ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა “საქართველოს 10-წლიანი განვითარების ხედვის" წარდგენის პირობა ჯერ კიდევ  2021 წლის თებერვალში პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დადო. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ გეგმას 100 დღეში წარადგენდა. თუმცა დოკუმენტი, ამ დრომდე საჯარო არ გამხდარა. აღსანიშნავია ისიც, რომ საკითხზე bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე წლის დასაწყისში განუცხადეს, რომ „გეგმა ყველა სამინისტროს აქვს გამოქვეყნებული"-ო, თუმცა ჩვენი ინტერესის საგანს 10-წლიანი ხედვის სრული დოკუმენტი წარმოადგენდა, რომელსაც პრემიერის დღევანდელი განცხადების მიხედვით, რამდენიმე დღეში ვიხილავთ.