მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება ძალზე ცუდი მმართველია ყველგან და ყველაფერში – აკაკი ცომაია

5e9dc90034353
BM.GE
20.04.20 21:49
1657
გარკვეული დასკვნების გამოტანა შეგვიძლია იქიდან, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და დიდ კვლევას არ საჭიროებს, – ამის შესახებ ეკონომისტი აკაკი ცომაია "ფეისბუქზე" წერს.

მისი თქმით, რისკების მართვა წარმოადგენს გამოწვევას როგორც ფირმებისთვის, ისე ითითოეული ჩვენგანისთვის.

""ცუდ" პერიოდში, ვცდილობთ შესაძლო დიდი ტკივილის/ზარალის შემსუბუქებას, რისთვისაც თადარიგს ვიჭერთ წინასწარ, პირობითად "კარგ" პერიოდში და ჩვენი კუთვნილი სარგებლის ნაწილს ვთმობთ, რომ ის გამოვიყენოთ ცუდ პერიოდში. ცუდი პერიოდი შედგება ბევრი სხვადასხვა სიტუაციისგან და მათი ხდომილობის ალბათობებიც განსხვავებულია. ერთი და იმავე შემთხვევის ზიანის მასშტაბი განსხვავებულია თითოეული ადამიანისთვის. ქეისები ინდივიდუალურია და ადამიანებიც განსხვავებულად ვრეაგირებთ შემთხვევებზე. შესაძლოა არ ვაცნობიერებთ, მაგრამ ვრეაგირებთ. მაგალითად, ზოგიერთი ჩვენგანი აზღვევს ავტომობილს, ყიდულობს ოფციონს სავალუტო რისკის დროს. თუ აქვს მოლოდინი, რომ დაკარგავს შემოსავალს ორი წლის შემდეგ, ამცირებს ხარჯვას დღეს. საწარმო მდინარის პირას აშენებს დამბას წყალდიდობით გამოწვეული რისკის შესამცირებლად და ა.შ. ასეთი ბევრი და ნაირნაირი რისკის მართვა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

თუმცა, არის ბევრი ისეთი რისკიც, რომლის მართვაც მთლიანად ვანდეთ ხელისუფლებას, რომელთა შორის ერთ-ერთ მსხვილ ჯგუფს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვა. საკითხი ეხება უკლებლივ ყველა ქვეყანას მსოფლიოში გამონაკლისის გარეშე. მაშასადამე, ხელისუფლების ამოცანაა კარგ პერიოდში საზოგადოებრივი სიკეთის ნაწილის ცუდი პერიოდისთვის გამოყენება.

მართა კი ხელისუფლებამ რომელიმე ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკები კარგად? შეუიარაღებელი თვალით ზუსტად ის ჩანს, რომ ვერ მართა. კერძოდ:

- არავის ჰქონდა საკმარისი მარაგი ისეთი მატერიალური რესურსების, რასაც პანდემიების შემთხვევაში აუცილებლად უნდა ითვალისწინებდე.მაგალითად, სამედიცინო ნიღბები, კომბინიზონები, სასუნთქი აპარატები, ტესტები და ა.შ.
- არავის აღმოაჩნდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოქმედების გეგმა, პროტოკოლი ან გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც სამედიცინო სისტემა გადადის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაშიც ბევრ რამ იგულისხმება.
და ამ პრობლემებზე სამედიცინო პერსონალი ღიად საუბრობს ჩვენთანაც და დანარჩენ მსოფლიოში
- სოციალური დისტანცია და ჰიგიენური ნორმების დაცვაც კი, რომელიც როგორც ვხედავთ, ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ამ ეტაპზე, ყველა ხელისუფლების ჯანდაცვას გაახსენდა პანდემიის დროს. ცხადია, თითოეული ჩვენგანი ამას ოჯახში ვსწავლობთ, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვა არის ხელისუფლების და არა ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენ მოდუნებულები ვართ. მაგალითად, სულ მცირე, ხელისუფლებებს შეეძლოთ შესაბამისი საგანმათლებლო მოქმედებების განხორციელება მრავალი წლის განმავლობაში, რაც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობდა ხელს და შედარებით მეტ ადამიანს ეს ნორმები ჩვევაში გადაეზრდებოდა ბავშვობიდან.

ფასი, რასაც ამისთვის ვიხდით, ესაა საგანგებო მდგომარეობა, კანტინი, გაურკვეველი გარემო და დიქტატურის ხიბლი განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში. რომ არა ეს მარცხი, ფასიც ნაკლები იქნებოდა

არ ვიცი, როგორ განვითარდებოდა პროცესი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკების მართვა რომ იყოს ინდივიდებისა და კერძო პირების პრობლემა. უამრავი სცენარი შეგვიძლია განვავითაროთ უამრავი შესაძლო შედეგით. როგორც იდეალურად კარგი, ისე აპოკალიფსური სურათის დახატვაც შეიძლება. ვერ ვიმარჩიელებ, მჩხიბავი არ ვარ. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რაც არაერთხელ დაწერილა, თქმულა, დამტკიცებულა და რაც შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად გამოჩნდა როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად საზოგადოებებში:

ხელისუფლება ძალზე ცუდი მმართველია ყველგან და ყველაფერში", – წერს ცომაია.