22.ივნისი .2020 21:00

ხორცის გადამამუშავებელი საწარმო „ნატურ ველი“ მაღაზიის გასახსნელად ემზადება

views 613
უკან

ერთი წლის წინ დარეგისტრირებული ხორცის გადამამუშავებელი კომპანია „ნატურ ველი“ თბილისში ახალი მაღაზიის გასახსნელად ემზადება - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ოთარ კობახიძემ განუცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, პანდემიამ მისი მეორე ბიზნესი ანგუსის სტეიკების წარმოება სრულად შეაჩერა, თუმცა ბიზნესმენმა ეს პერიოდი ხორცის დამამუშავებელი საწარმოს ასამოქმედებლად და დასახვეწად გამოიყენა.

„საწარმოს, რომელიც აეროპორტის დასახლებაში მდებარეობს, მოწყობასა და ახალი დანადგარებით აღჭურვისთვის ჯამში 300 000 ლარის ინვესტიცია ჩავდეთ და სრულად ამოქმედების შემდეგ მინიმუმ 10 ადამიანის დასაქმებას შევძლებთ“, - ამბობს ოთარ კობახიძე.

მისივე თქმით, თუ ადრე მისი კომპანია „ანგუს ჯგუფი“ რესტორნებს მხოლოდ ანგუსის ჯიშის სასტეიკე ხორცით ამარაგებდა, საწარმოს ამოქმედება ფერმერებთან თანამშრომლობით, მას კვების ობიექტების ყველა სახის ხორცპროდუქტით მომარაგების შესაძლებლობას მისცემს.

„ხვალ ჩამოგვდის ერთ-ერთი აპარატი, რომელიც ვაკუუმ შეფუთვებს აკეთებს, რაც გაზრდის ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტს. გვინდა რომ ბაზარზე ახალი პროდუქტი შევიტანოთ. ერთ-ერთი სიახლე კი ის იქნება, რომ ვაკუუმირებული ხორცის მომზადება იმავე შეფუთვით იქნება შესაძლებელი, რა შეფუთვითაც იყიდება.

გვეყოლება პარტნიორები დუშეთში, რომელთაც თავისი სასაკლაო აქვთ და მათგან ღორის, საქონლის და ფრინველის ხორცს შევიძენთ, დავამუშავებთ და მოვახდენთ რეალიზაციას“, - განაცხადა ოთარ კობახიძემ.
კომპანიის დამფუძნებელი მოკლევადიან გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ 2-3 თვეში თბილისში „ნატურ ველის“ სახელით ხორცპროდუქტების მაღაზია გაჩნდება, რომლის გახნისთვის კომპანია 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„ანგუსის ხორცი შეგვქონდა "გუდვილსა" და "ნიკორაში". "კარფურთან" ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, თუმცა მე თვითონ გავაჩერე ეს პროცესი, რადგან ეს ჩემთვის მომგებიანი არ იყო. ანგუსის ხორცი ისედაც ძვირიანი ხორცია და ამასთან მაღაზიები დამატებით ფინანსებს ითხოვენ. ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემი მაღაზია გავაკეთო და ამ საკითხზე დავიწყე მუშაობა.

მაღაზია 2-3 თვეში საბურთალოზე ან ვაკეში გაიხსნება. იქ წარმოდგენილი იქნება ყველა ის ხორცპროდუქტი, რომლიც საწარმოში იქნება ნაწარმოები - ეს იქნება ანგუსის ხორცი, საქონლის, ღორის თუ ფრინველის ხორცი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა“, - აღნიშნა „ნატურ ველის“ დამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა