დღევანდელ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში საკმარისი ვაქცინაა და დამატებითი დოზებიც ეტაპობრივად შემოვა.
„მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები არ იყო ქვეყანაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩამოგვეტანა საკმარისი რაოდენობის ვაქცინები. მილიონი ვაქცინა არის ადგილზე, 1 მლნ „ფაიზერის“ მოწოდება დაიწყო და ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვა „ფაიზერის“ ვაქცინები. მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ქვეყანაშია. ნახევარი მილიონი „ფაიზერის“ ჩუქება აქვს დაგეგმილი აშშ-ს. ასევე კიდევ მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჩამოვა საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საჭიროა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და აცრის გაკეთება.
„ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა ინფიცირება ბავშვებში, როგორც მშობელმა, მინდა მოქალაქეებს მივმართო, მთავრობას მეტი ბერკეტი არ აქვს, რომ გაკეთდეს ვაქცინაცია. გუშინ იყო აცრის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, 10 ათასი მოქალაქე აიცრა. მინდა ყველამ გავიაზროთ, რომ ქვეყანა შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს, გარდა ამისა, ეს შემაწუხებელია ადამიანებისთვის და ბიზნესისთვის. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ახლა მთავრობას სჭირდება თანადგომა. ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინები და ერთობლივი ძალისხმევით ფართო ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ’, - განაცხადა ღარიბაშვილმა.




























