მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი საქართველოს მიატოვებს, ეს ჩემთვის მიუღებელია - ბორელი

პრემიერი

“არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი საქართველოს მიატოვებს, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია. არც მიუტოვებია, არც მიატოვებს!” - ასე პასუხობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის, მირიან გორგოძის, კითხვას, ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა გააჩენს თუ არა საქართველოს მოსახლეობაში სკეპტიციზმსა და იმედგაცრუებას. 

“საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის მომხრე, ქვეყანა მაქსიმალურად ინტეგრირდეს ევროკავშირში, ნატოში… გასაგებია, რომ ჩვენ ძალიან არ გვინდა, ეს მოცემულობა დადგეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დავდექით ამ ფაქტის წინაშე, რომ წლის ბოლო მივიღებთ უარს კანდიდატის სტატუსზე, ხომ არ გააჩენს ეს საქართველოს მოსახლეობაში სკეპტიციზმს, იმედგაცრუებას, და ხომ არ იქნება ეს გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ისინი ევროპამ მიატოვა?

ასევე უნდა ვახსენოთ ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რაზეც თქვენც ისაუბრეთ. რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, საომარი მოქმედებები და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 20% არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის ნათქვამი უარი რა გზავნილი იქნება რუსეთისთვის?”, - მიმართა რესპოდენტებს ჟურნალისტმა.

უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ საგანი იცის. ჩვენი შეფასება ობიექტურია, არავინ მიგატოვებთ, მთელი ძალისხმევა ამ ვალდებულების შესრულებაში ჩადეთ. აი ეს არის კარგი და სწორი მიდგომა, ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს.

ჩვენ გვაქვს 1.3 მილიარდიანი ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა გვაქვს, რომელიც საქართველოში კონკურენტუნარიანობის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარება. თქვენ კი არ გვემუდარებით, არამედ ჩვენ გვინდა, რომ იყოთ ევროკავშირის წევრი - სწორედ ამიტომ ჩამოვედით აქ, საქმეა გასაკეთებელი”, - აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

კითხვაზე განსხვავებული პასუხი აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან მოპყრობას ითხოვს, რადგან ქვეყნისთვის ნათქვამი უარი რუსეთისათვის პოზიტიური გზავნილი იქნება.

“მე ასე ადვილად არ დავაყენებდი საკითხს, როგორც ბატონმა ბორელმა განმარტა სტუდენტის და პროფესორის მაგალითზე. ჩვენ გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში ვართ. ჩვენი მთავარი არგუმენტი შემდეგია: ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ სტატუსი ბონუსად მიიღეს, ისე, რომ არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი რეკომენდაცია. ჩვენ არ მოგვეცით სტატუსი. კითხვა აბსოლუტურად ლოგიკურია. ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა, ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, იყოს სამართლიანი. 

რაც შეეხება იმას, თუ რა გზავნილი იქნება რუსეთისათვის ასეთ ვითარებაში, როცა არავინ იცის, როგორ და როდის დასრულდება უკრაინაში ომი და როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში (ასეთ ვითარებაში მოლდოვას და უკრაინას ავანსად მიეცით სტატუსი და ჩვენ არ მოგვეცით გასულ წელს), ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში, ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნეგატიური მესიჯი, იქნება პოზიტიური გზავნილი რუსეთისთვის”, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ წლის ბოლო ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები