ბრენდი „კოკუნი“ საქართველოს ბაზარზე 2022 წლის ნოემბრიდან გამოჩნდა და ის მომხმარებელს ქალის სამოსსა და აქსესუარებს (ჩანთებს, ხელთათმანებსა და სამკაულებს) სთავაზობს.
„იდეა გაჩნდა რამე საინტერესოს შექმნის სურვილიდან. სამი მეგობარი ვართ და სამივეს ერთნაირი ღირებულებები და ინტერესები გვაქვს. პროზაული ყოველდღიურობის გაფერადება გვინდოდა, საკუთარი თავისთვის, პირველ ყოვლისა. დავიწყეთ ფიქრი და მივედით „კოკუნის“ შექმნის იდეამდე“ - აღნიშნა თანადამფუძნებელმა.
დამფუძნებლებისთვის იდეის საქმედ ქცევა არ აღმოჩნდა ადვილი, ყველაზე რთული და ხანგრძლივი ეტაპი კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრის მოძიება იყო.
„სპეციალისტების მოძიება მთავარი გამოწვევა იყო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვეძებდით თბილისში. ყოველი ქუჩის კუთხეში ატელიეა გახსნილი და ყველა კერავს, მაგრამ ხან სამუშაოს შესრულების ხარისხი არ გვაკმაყოფილებდა, ხან პასუხისმგებლობის ხარისხი. ბოლოს, ძიების არეალი გავაფართოვეთ და რეგიონში აღმოვაჩინეთ ყველაზე მცოდნე, სანდო და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანები. მათთან მუშაობა ცალკე სიამოვნებაა. შაბათ-კვირას ჩავდივართ და უზარმაზარ სიამოვნებას ვიღებთ მათთან არა მხოლოდ მუშაობით, არამედ ურთიერთობით“, -დასძინა მან.
BM.GE-თან ინტერვიუში სირთულეებზე საუბრისას, დამფუძნებელი ხაზს უსვამს მეორე მთავარ გამოწვევას - საჭირო მასალებისა და პროდუქციის მოძიებას: „მასალას ვეძებთ ყველგან. ბაზრობებზე, მაღაზიებში, ონლაინ მაღაზიებში. განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც ორიენტირებული ხარ მხოლოდ ბუნებრივ მასალაზე. არჩევანი იმდენად შეზღუდულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მოგიწევს ნედლეულის ქვეყნის საზღვრებს გარეთ ძებნა. თანაც, რეგიონში მიმდინარე ომმა, ბაზარი კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახადა. მაგალითად, მომწოდებელი გეუბნება, რომ კონკრეტული მასალა დღეს აქვს, მაგრამ ხვალ არ იცის ექნება თუ არა ან თუ ექნება, რა ფასში. ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ უკიდურესად მწირი არჩევანის საშუალებას გვაძლევს“, - განმარტა მან.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გეგმები დიდია: „მოცემულ ეტაპზე ონლაინ გაყიდვები გვაქვს, რაც ერთი მხრივ, ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ართულებს პროდუქტის აღქმას და ახანგრძლივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ყიდვის გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილია როდესაც ფიზიკურად ეხები პროდუქტს,ამიტომ, მაღაზიის გახსნა, ცხადია გვინდა, თუმცა, ეს ნამდვილად სერიოზული ინვესტიციას საჭიროებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, ვიმედოვნებთ ამასაც შევძლებთ“,- ამბობს ის.
ამასთან, ბრენდი სამომავლოდ საიტის შექმნასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს, ამაზე კი მუდმივად მუშაობს: „ვმუშაობთ საიტის შექმნაზე, რომელიც გლობალურ ბაზარზე იმუშავებს და შესაძლებლობას მისცემს უცხოელ მომხმარებელს შეიძინოს ჩვენი პროდუქცია, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ქსელურ მაღაზიებში შესვლისგან. რაც შეეხება პროდუქციას,სიამოვნება სწორედ ახლის შექმნას მოაქვს. ამიტომ, მუდმივად ვფიქრობთ რა შევქმნათ ახალი და როგორი უნდა იყოს ის, რომ უპასუხოს ყველა მოთხოვნას. დღეს ბაზარი უცხოურთან ერთად, ქართული ნაწარმითაც გაჯერდა. ამ პირობებში განსხვავებულის შექმნა უფრო რთულდება. დღეს მოთხოვნა ხარისხთან ერთად კომფორტზეც არის“, - განმარტავს დამფუძნებელი.
BM.GE-თან მომხმარებლის დამოკიდებულებაზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ინტერესი ნამდვილად დიდია, განსაკუთრებული მოწონება კი ბრენდის ხელით ნაქსოვ არასტანდარტულ ხელთათმანებმა დაიმსახურა ახალი წლის პერიოდში: „მოთხოვნა ისეთი მაღალი იყო, რომ ბოლო დღეებში ვეღარც შევძელით ყველას დაკმაყოფილება. მთავარი შეფასება არის ის, რომ ძალიან კარგად მოიხმარენ ჩვენს პროდუქტს“, - დასძინა დამფუძნებელმა.
„კოკუნი“ სტაბილურად 5 ადამიანს ასაქმებს, ბრენდის დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ მალე ეს რესურსი საკმარისი აღარ იქნება და გაფართოვდებიან: „ ვეძებთ გზებს გაფართოებისთვის. ვსწავლობთ სხვადასხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამებს მცირე მეწარმეებისთვის, რომლითაც აუცილებლად ვისარგებლებთ”,- ამბობს ის.
ცნობისთვის, „კოკუნის“ პროდუქციის შეძენა ონლაინ პლატფორმებზე, ფეისბუკსა და ინსტაგრამზეა შესაძლებელი, გარდა ამისა, ბრენდის გეგმებშია სხვადასხვა Fleamarket-ზე რეგისტრაცია და ფიზიკური კონტაქტის დამყარება უშუალო მომხმარებელთან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი