22.ივნისი .2021 11:45

ყველა covid-გადაწყვეტილება, რომლებიც მთავრობამ დღეს მიიღო

ყველა covid-გადაწყვეტილება, რომლებიც მთავრობამ დღეს მიიღო
views 886
უკან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დღეს რამდენიმე covid-გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნო.

კერძოდ, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ღია სივრცეში ტარება. პირველი ივლისიდან კი გაუქმდება გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი.

„მე მინდა დღეს მიღებული გადაწყვეტილება გაცნობოთ. დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ღია სივრცეში ტარება, გარდა ტრანსპორტისა და დახურული სივრცეებისა. მეორე - პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი და მესამე - ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მართალია, 1 ივლისიდან ე.წ. "კომენდანტის საათის" შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა ის დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებრივ კვებასთან არიან დაკავშირებულები, მუშაობას 24 საათამდე შეძლებენ.

ამის შესახებ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება 1 ივლისიდან. ერთი შეზღუდვა, რაც რჩება, რესტორნების მუშაობას შეეხება, რომლებიც 24 საათამდე იმუშავებენ. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს - ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც საზოგადოებრივ კვებასთანაა დაკავშირებული. იგივე ეხება სასტუმროებში რესტორნებს, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და სარესტორნო სივრცე აქვთ“, - განმარტა ღიბრაძემ.

დღესვე, პრემიერმა თქვა, რომ ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და საქართველოში ინტენსიური ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.