მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაფერი კეთდება, რომ ხარჯში ჩაგვაგდონ“ – „მეგასპორტი“ მოლების შეზღუდულ გახსნაზე

600ae3c96efba
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.21 21:40
1128
1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები გაიხსნება, თუმცა გარკეული შეზღუდვებით, კერძოდ შაბათ-კვირას მოლები კვლავ დახურული იქნება - მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გაცხადდა. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა სავაჭრო ცენტრებისა და რითეილ სექტორის რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს, რაც კომენდანტის საათის 1 საათით გადაწევას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებას მოიცავდა.
 
საცალო გაყიდვების კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე, რომელიც საქართველოში The North Face-ის, Timberland-ის, Diesel-ის და სხვა ბრენდების 10-მდე მაღაზიას მართავს, ამბობს, რომ არ იცის ასეთი პირობებით გახსნა რა ეფექტს მოუტანს კომპანიას და სრულიად სექტორს.

„ვფიქრობ, შაბათ-კვირას ვინც დადის შოპინგზე და რაღაცას ყიდულობს, ის არ გადანაწილდება დანარჩენ დღეებზე, იმას უბრალოდ დავკარგავთ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო შაბათი-კვირა. ბრუნვის ყველაზე დიდი გენერირება სწორედ ამ დღეებზე მოდის. ჩემი აზრით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხარჯში ჩაგვაგდონ. ეს გაუმართლებელი გადაწყვეტილებებია“, - აცხადებს დავით ჩხეიძე.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ამბობს, რომ მდგომარეობა იმდენად რთული და გაურკვეველია, რომ ბიზნესს მდგომარეობასთან ადაპტირება გაუჭირდება და რიგი საკითხები  დასაორგანიზებელი იქნება.

„საიდან უნდა ვუქირავო თანამშრომელს ტრანსპორტი. 8 დღე რომ ვიყავით წინასაახალწლოდ გახსნილები ხან ტაქსით და ხან ჩემი მანქანით დამყავდა და ახლა როდესაც გაიხსნება, ამას ხომ სისტემატიზირებული მიდგომა სჭირდება. არც ერთ კომპანიას არ აქვს ახლა ამხელა ხარჯების გაღების საშუალება. ეს ახლა გახდა კომპანიებისთვის ხარჯები „ამხელა“, თორემ ჩვეულებრივ პერიოდში 1000 ან 3000 ლარი არ იქნებოდა პრობლემა.

ამასთან პირველ ეტაპზე ტესტები ჩატარდება სახელმწიფოს ხარჯებით, თუმცა შემდეგ გვეტყვიან ვინ უნდა ჩაგვიტაროს, რომ მათთვის იყოს სარწმუნო. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ჯარიმებსაც არ მოერიდებიან.

გასარკვევია ასევე 9 საათამდე მუშაობის საკითხი, რაც გამორიცხულია, თანამშრომლები კომენდანტამდე ხომ უნდა დაბრუნდნენ სახლებში, ამის გამო ობიექტები 1.5 საათით ადრე მაინც უნდა დავხუროთ.

ცალკე ტრანსპორტი, ცალკე ტესტირება, შიდა რეგულაციები და ამას დაერთვება სავაჭრო ცენტრებთან თანამშრომლობის საკითხები.

უმოქმედო შაბათ-კვირაში თვეში ჯამში 8 დღეა, როგორ მოხდება ამის გაანგარიშება ესეც არ ვიცით, ყველაფერი გასარკვევია“, - ამბობს „მეგასპორტის“ ხელმძღვანელი.

მისი თქმით, სხვა სექტორებზე გახანგრძლივებული შეზღუდვები მათ ოპერირებაზეც აისახება.

„ჩემი ტიპის რითეილერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კურორტების ამოქმედება და ტურისტების ჩამოსვლაც“, - აცხადებს დავით ჩხეიძე.