მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვცდილობთ, ლოიალური თანამშრომლები არ დავკარგოთ, ახლების მოზიდვა გამოწვევაა - დავით ჩხეიძე

მეგასპორტი

კადრების დეფიციტი და კომერციულ ფართებზე ხელმისაწვდომობა - ეს ის ორი მთავარი გამოწვევაა, რომელიც საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებლის დავით ჩხეიძის აზრით, საქართველოს რიტეილსექტორშია.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში დავით ჩხეიძემ ისაუბრა, მართალია, ჰყავთ 10-წლიანი გამოცდილების თანამშრომლებიც, მაგრამ ახალი კონსულტანტების მოძიება და შენარჩუნება მაინც უჭირთ.

- გვყავს ლოიალური თანამშრომლები, რომლებიც 10 წელზე მეტია ჩვენთან მუშაობენ და მაქსიმალურად ვცდილობთ, სხვადასხვა სამოტივაციო გზებით, ისინი არ დავკარგოთ. რაც შეეხება ახალი კადრებს, ამ მხრივ, სირთულეს წარმოადგენს მათი მოძიება, გაზრდა და შემდეგ შენარჩუნება. სხვადასხვა ტრენინგს ვუტარებთ, ქოუჩებს ვიწვევთ, რაღაცები ისწავლეს, მაგრამ შემდეგ წავიდნენ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ მიდიან - მიზეზი ხელფასებია?

- „მეგასპორტს“ 11 მაღაზია აქვს თბილისის მასშტაბით და ბუნებრივია, შესწავლილი გვაქვს, სად როგორია ვაჭრობა და პოტენციალი. შესაბამისი გეგმა აქვთ კონსულტანტებს და თუ შეასრულებენ, მოჭრილი ხელფასის გარდა, რომელიც 1000 ლარის ფარგლებშია, ბონუსები ემატებათ, რომელსაც ჭერი არ აქვს. ვაჭრობის სექტორში ასეა - გაყიდე და გექნება. გვყავს თანამშრომლები, რომლებიც ყოველთვიურად 2000 ლარს და მეტსაც გამოიმუშავებენ - განსაკუთრებით შემოსავლიანია სექტემბრიდან მარტამდე პერიოდი.

- რიტეილსექტორის წარმომადგენლებისგან გვსმენია, რომ ხშირად თვეობით ელიან თავისუფალ კომერციულ ფართს. „მეგასპორტისთვისაც“ არის ეს გამოწვევა?

- თვეობით - არა, ზოგჯერ - წლობით. ზოგადად, სავაჭრო მოლების მართვა რთულია, რადგან უამრავი პარტნიორი გყავს... ვფიქრობ, გამოწვევაა, ზოგადად, სავაჭრო ცენტრების კონცეფცია და ამ მხრივ, მოლების მენეჯმენტის პოლიტიკა - რომელ სართულზე როგორ მაღაზია უნდა იყოს და ა.შ. ზოგისთვის პრიორიტეტია, ოღონდ ვინმემ იქირაოს მაღაზია, არადა მოლებში ბრენდ-პორტფოლიო დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, რატომ გვიხარია და მოგვწონს ხოლმე საფრანგეთში ყველა წარმოსადგენი ბრენდი რომ ჩვენ თვალწინაა?! ჯერ კიდევ არის დამოკიდებულება, რომ „იხდის და ხომ არ გავაგდებ“...

- ანუ მოლების მენეჯმენტისთვის მთავარია ვინ უფრო მეტს გადაუხდის და არა ბრენდ-პორტფოლიო?

- ქალაქის ქუჩებში განთავსებულ სავაჭრო ცენტრებში უფროა ასეთი დამოკიდებულება, თუმცა ნელ-ნელა ყველა წავიდა იმ მიმართულებით, რომ არის ბრენდების სია, რომელიც ნებისმიერ მოლის მახასიათებელია; ბედნიერი ვარ, რომ „მეგასპორტის“ ბრენდებიდან ასეთი რამდენიმეა ანუ ბრენდები, რომელიც მოლებში აუცილებლად უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები