მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველას ვთხოვთ, ქართველი ხალხის ინტერესების გამო კომპრომისზე წავიდნენ - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

6050c0979e736
ინგა მურუსიძე
16.03.21 18:34
634
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელის განცხადებით, საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება დადგეს.

„ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ“, - განაცხადა მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირი დიდი ხანია, რაც ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახან პროცესი ფასილიტაციიდან გადავიდა დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას.

„ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გასული წლის ოქტომბერში, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ახლა, როდესაც ქვეყანა ებრძვის კორონავირუსს და სამომავლოდ ძალიან ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი, ესენია საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მან პრემიერ-მინისტრს უთხრა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ მიაღწიოს შეთანხმებას პოლიტიკურ სპექტრში და აუცილებელია დიალოგი.

„პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ პლურალიზმის დამკვიდრებას ქვეყანაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება დადგეს და ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ.

შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ, როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს, ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგსა და პროგრესზე და იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებიდანაც. ბატონი დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რომლებზეც საუბარი გვქონდა. მომდევნო დღეებში იქნება ეს და ვნახავთ, სიტუაცია როგორ განვითარდება, ურთიერთმისაღები შეთანხმება ორივე მხრიდან უნდა მოხდეს", - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.