მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვესაუბრე ევროკომისარ ვარჰეის, კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს" - ღარიბაშვილი

6492b01da48c7
თინათინ ნატმელაძე
21.06.23 12:11
554
"მქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტ მიშელთან, ასევე შევხვდი ევროკომისარ ვარჰეის და ჩვენს მიღწეულ პროგრესზე ვრცელი საუბარი მქონდა - მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს", - ამბობს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, მან ევროკომისიას საქართველოს საქმიანობის შესახებ მთლიანი რეპორტი მიაწოდა და ასევე მათ განუცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს გამოყოფა და მისთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა, დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა იქნება.

„მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა გვქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, იქამდე ბევრი რამ არის გადასაწყვეტი. მე მათ დეტალურად ავუხსენი, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და სრული რაპორტი ჩვენი საქმიანობის მიწოდებულია ევროკომისიაში. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მშვიდად ევროკომისიის გადაწყვეტილებას. მე მათ კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში, ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ყველა ვიმყოფებით, მთელი მსოფლიო და ზოგადად, ევროპის კონტინენტზე რაც ხდება და უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან მთლიანად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი.

მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში, საქართველოს გამოყოფა იქნება სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის და ეს არ შედის არც დასავლეთის, არც ჩვენს ინტერესებში. ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი და პოლარიზაციის წყარო. თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად, მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. ეს შეფასებები იყო, დანარჩენი დაველოდოთ. ჩვენ ამ კვირაში ველოდებით რაპორტს. ეს არ იქნება საჯარო ინფორმაცია, მაგრამ ალბათ ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი ჩვენთვისაც, მათ შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ოქტომბერში უნდა წარადგინოს ევროკომისიამ რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, მისცეს თუ არა სტატუსი საქართველოს. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები