25.თებერვალი .2021 09:40

ზამთრის კურორტებზე ყველა სასტუმრო ვერ გაიხსნება - Inn Group

ზამთრის კურორტებზე ყველა სასტუმრო ვერ გაიხსნება - Inn Group
views 578
უკან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან შეძლებენ საქმიანობის განახლებას, თუმცა შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ ვრცელდება საბაგიროებზე. საბაგირობის მუშაობა მხოლოდ 8 მარტიდან იქნება დაშვებული.

ზამთრის კურორტზებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა პირდაპირ ბიზნესი ამის შესახებ არავის გაუფრთხილებია. მიუხედავად მთავრობის გადაწყვეტილებისა "Inn Group-ის“ აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ ყველა სასტუმრო ოპერირებას ვერ განაახლებს.

„სანამ სეზონი კიდევ არსებობს და საბედნიეროდ ამინდიც გვიწყობს ხელს, იმედი გვაქვს, რომ მარტში მაინც შევძლებთ რაღაც შემოსავალი ჰქონდეს კომპანიას. ყველას რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვა, გარკვეული პრობლემების გამო. რთული იქნება გახსნა და აამუშაო სასტუმრო, თან იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდული გვექნება ბაზარი. ძირითადად ვიმუშავებთ ისევ ჩვენს მოქალაქეებზე, უცხოელი სტუმრების იმედი ჯერ არ გვაქვს, უახლოესი 1-2 თვე, შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ მცირე შემოსავალს მაინც გაგვიჩენს ამ შეზღუდვების მოხსნა.

შეიძლება ბევრმა სცადოს გახსნა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასტუმროს გახსნა არის დაკავშირებული გარკვეულ ხარჯებთან, მათ შორის უნდა აიყვანო და მოძებნო რაც შეიძლება მალე თანამშრომლები, ბევრი თანამშრომელი, ვინც წასულია, შეიძლება აღარ დაბრუნდეს. გარდა ამისა კონკურენცია ძალიან დიდი იქნება, ფასები დიდი ალბათობით დაბალი იქნება, რადგან მოთხოვნა არ არის მაღალი, შესაბამისად ყველა ვერ შეძლებს იმუშაოს. საკმარისი სტუმრები თუ არ გეყოლება, სასტუმროს არ უღირს 1-2 ნომრის გამო მუშაობა და თანამშრომლების დაბრუნება. ამიტომ ძალიან ბევრ, განსაკუთრებით პატარა სასტუმროს შეიძლება გაუჭირდე, თუმცა შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ვიმუშაოთ, შეიძლება ჩვენც არ გამოგვივიდეს, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს“-აცხადებს ერეკლე კოკაია.

რაც შეეხება საბაგიროების მუშაობის შეზღუდვას, როგორც კოკაია ამბობს, გუდაურში საბაგიროების გარეშე სასტუმროების მუშაობის განახლებას აზრი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა