მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზვიად კორძაძე თებერვალში “გაჩენილი” ინვესტორის სარჩელსა და სასამართლო განჩინებაში იურიდიულ აბსურდს ხედავს

62d696da319c7
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.22 15:42
1139
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის იურისტმა, ზვიად კორძაძემ დღეს მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. საქმე ეხება პროცესს, რომლის შესახებაც მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი.

საუბარია ფიზიკური პირის - იან მალქოლმ ჰოქის სარჩელს, რომელიც მისმა იურისტმა დიმიტრი ტორაძემ ქართულ სასამართლოში დაარეგისტრირა. ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ სარჩელი იურიდიულ აბსურდს წარმოადგენს, რადგანაც იან მალქოლმ ჰოქი არის დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული TBC Group PLC-ის აქციონერი და არა სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკის” აქციონერი, თუმცა მისი გაცემულ მინდობილობაში, რომლითაც იურისტმა საქართველოში დაიწყო პროცესი ნათქვამია, რომ ის არის სს “თიბისი ბანკის” აქციონერი. ეს ზვიად კორძაძის განმარტებით წარმოადგენს დარღვევას, რის გამოც ეს მინდობილობა არის ბათილი.

ზვიად კორძაძის განცხადებით, ანალოგიურად, ქართულმა სასამართლომ გამოსცა განჩინება და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აუკრძალა სს “თიბისი ბანკისგან” დივიდენდის აღება. ადვოკატის განმარტებით, ესეც იურიდიულ აბსურდს წარმოადგენს, რადგანაც არც მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარიძე არ არიან სს “თიბისი ბანკის” აქციონერები, შესაბამისად, ისინი სს “თიბისი ბანკისგან” დივიდენდებს ისედაც არ იღებენ.

ზვიად კორძაძის განმარტებით, საქართველო არ შეიძლება იყოს იან მალქოლმ ჰოქის სარჩელის განხილვის ქვეყანა, რადგანაც ის არა ქართული, არამედ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის აქციონერია. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის იურისტი თავად სარჩელის შინაარსზეც საუბრობს. მისი განმარტებით, იან მალქოლმ ჰოქი TBC Group PLC-ის აქციონერი მხოლოდ 2022 წლის თებერვალში გახდა, თუმცა სარჩელი 2007-2008 წლების პროცესებს შეეხება და მას არ გააჩნია არავითარი უფლება 14 წლის წინ მომხდარ მოვლენებზე იდავოს.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის იურისტის განცხადებით, მთლიანობაში საქმე გვაქვს ინსცენირებულ პროცესთან, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს არსებობს ინვესტორი, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის ქმედებებით მას ზიანი მიადგა.

14 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სს "თიბისი ბანკისგან" 30 მილიონი ლარის მოცულობის დივიდენდის აღება აუკრძალა. ამასთან, თავად იან მალკოლმ ჰოქს TBC PLC-ის მხოლოდ 334 აქცია ეკუთვნის, რომელთა ღირებულება დღეს 4,718 დოლარია. გაურკვეველია ზუსტად რა პარამეტრებს ეფუძნება სარჩელი რომელშიც მილიონობით თანხაზეა საუბარი, როდესაც თავად აღნიშნულ პირს $5 ათას დოლარზე ნაკლები ღირებულების აქციები ეკუთვნის. 

“სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აეკრძალათ სს “თიბისი ბანკში”, სარეგისტრაციო ნომრით 204854595 დივიდენდების აღება.

ეს ფორმულირება შემთხვევით არ წამიკითხავს - ჩვენ მივმართეთ სს “თიბისი ბანკს”, ასევე რეგისტრატორს, სადაც აქციები არის რეგისტრირებული და “თიბისი კაპიტალს”, რომელიც ნომინალური მფლობელია აქციების სამივემ დაგვიდასტურა, რომ იან მალქოლმ ჰოკი არ არის სს “თიბისი ბანკის” აქციონერი. უფრო მეტიც, სს “თიბისი ბანკის” აქციონერები არც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ არიან. შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა აბსურდული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჯერ ერთი მიიღო იმ პირის სარჩელი, რომელიც არ არის ბანკის აქციონერი და მიიღო ეს სარჩელი, როგორც თიბისი ბანკის აქციონერის სარჩელი, რადგანაც მინდობილობა ასე არის გაცემული და შემდეგ გამოიტანა განჩინება, რომელიც არავითარ სამართლებრივ საფუძველს არ წარმოშობს და სამართლებრივ აბსურდამდე მივდივართ. ადამიანებს, რომლებიც არ არიან შესაბამისი იურიდიული პირის და შესაბამისი კოდის მქონე იურიდიული პირის აქციონერები აუკრძალა დივიდენდის აღება, იმ დივიდენდისა, რომელსაც ისინი ვერ აიღებდნენ ვერასდროს სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკისგან”. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და გავასაჩივრეთ განჩინება. ამ განჩინების ამ ფორმით მიღება არის ჩვენი აზრით გაგრძელება იმ ხაზის, რომელიც იყო განაჩენი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ. იმ ხაზისა, რომელშიც ჯდება ორკესტრირებული დევნა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

ეს არის სამართლებრივი აბსურდი, რადგანაც მოსარჩელეს მიმართვის უფლებაც არ ჰქონდა.

თიბისი ბანკის აქციებს ფლობს TBC Group PLC, რომლის აქციებიც კვოტირდება ლონდონის ბირჟაზე. პატივცემული ბატონიც არის იმ კომპანიის აქციონერი, ისევე როგგორც ბადრიც და მამუკაც და შესაბამისად მათ არავითარი კავშირი როგორც ფიზიკურ პირებს არ აქვთ სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკთან. თუ ვინმეს რამის აკრძალვა უნდა ბრიტანულ კომპანიაში, მან უნდა მიმართოს შესაბამის იურისდიქციას - ბრიტანეთს. თუმცა გასაგებია, რომ ასეთ აბსურდული სარჩელით და 2022 წლის იანვარში შეძენილი აქციებით 2007 და 2008 წლების საქმეზე ბრიტანეთში ვერავინ მიმართავს.

გამოყენებული იქნა აბსურდული გზა და მიმართა საქართველოს იურიდისიქციას არაუფლებამოსილმა პირმა არაუფლებამოსილი პირების წინააღმდეგ არარსებულ უფლებასთან დაკავშირებით, რომელიც მას არ გააჩნდა, რადგანაც არაა იმ იურიდიული პირის აქციონერი და ასეთი სამართლებრივი აბსურდი მივიღეთ განჩინების სახით.

მამუკას და ბადრის არაფერი არ აკრძალვიათ, რადგანაც ეს განჩინება ვერაფერ იურიდიულ შედეგს ვერ წარმოშობს და მივიღეთ აბსურდული დოკუმენტი.

რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა იან მალქოლმ ჰოქის მიერ აქციების შეძენის დროს. ეს იყო 2022 წლის თებერვლის თვე. ასევე თარიღებს რომ თავი დავანებოთ არ მომხდარა ისეთი აქციების შეძენა, რაც მისთვის რაიმე უფლებებს წარმოშობდა.

აქ მაქვს თავად მისი [მოსარჩელის] დოკუმენტი, რომ მან აქციები შეიძინა TBC Bank Group PLC-ში, რომელიც არ არის სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი”, სასამართლომ დივიდენდის გაცემა აკრძალა სს “თიბისი ბანკში”. ერთი არის საქართველოს იურიდიული პირი, მეორე არ არის საქართველოს იურიდიული პირი.

ჩვენ გვაქვს მინდობილობაც, რომელიც გაცემულია ბატონი ტორაძის სახელზე, რომელშიც ბატონი მალკოლმი მოხსენიებულია, როგორც სს “თიბისი ბანკის” აქციონერი და ის აძლევს მინდობილობას, თუმცა სს “თიბისი ბანკის” ასეთი აქციონერი არ არსებობს. შესაბამისად, ეს მინდობილობაც სამართლებრივი შედეგის წარმომშობი არაა. რატომ მიაწოდეს სასამართლოს ასეთი შინაარსობრივად ყალბი დოკუმენტი? ამას უკვე სასამართლოზე დავადგენთ.

მიზანი არის ის, რომ ვითომდა გაჩნდა ვიღაც დაზარალებული პირი, ვითომ მამუკამ და ბადრიმ ზიანი მიაყენეს ვინმეს, სისხლის სამართლებრივ საქმეშიც ჩვენ არაერთხელ ვიმეორებთ, რომ დაზარალებული არავინ არაა და საზოგადოებისთვის გააჩინეს დაზარალებული პირი. ოღონდ არა სამართლებრივად, რადგანაც სამართლებრივად ეს არის აბსურდი", - განმარტავს ზვიად კორძაძე.

ქართულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოიტანა. სასამართლომ 12 იანვარს გამოტანილი განაჩენით ბრალის კვალიფიკაცია შეცვალა და “ფულის გათეთრების” მუხლი თაღლითობის ხანდაზმული მუხლით შეცვალა. პროკურატურა ფულის გათეთრების მუხლით დავობდა, რასთან დაკავშირებით როგორც საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ასევე TI-ს მიერ ჩატარებული შეფასების თანახმად, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც საქმეში ბრალს დაადასტურებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები