მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა

მამუკა ხაზარაძე კახა კალაძე

„ლელოს“ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც კორძაძემ განმარტა, საქმე ეხება კალაძის მიერ ხაზარაძის წინააღმდეგ ყალბი ცნობების გავრცელებას. ადვოკატის თქმით, სარჩელით მერისგან გავრცელებული არასწორი ცნობის უარყოფას მოითხოვს.

„ბატონმა კალაძემ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ადამიანებს აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ცნობების გავრცელებაა. ჩვენ სარჩელი ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით შეგვაქვს, და სასამართლოს ვთხოვთ, ბატონ კალაძეს დაავალოს აღნიშნული ცნობის უარყოფა. ამ ბოლო დროს, ასეთი ტიპის სარჩელებზე წარმოებაში მიღების ცოტა უცნაური პრაქტიკა დამკვიდრდა, მაგრამ არა მგონია, რომ არმიღების რაიმე საფუძველი იყოს, ვინაიდან სახეზეა ყალბი ცნობების გავრცელება, სახეზეა საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ამის საშუალებას გვაძლევს, შესაბამისად, დაველოდოთ სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კორძაძემ.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე თქვა, რომ მამუკა ხაზარაძე „პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“. „შეიძლება, ბატონი ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს, შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახვინონ ვიღაცებმა, ამათ საზოგადოებას ვერ მოატყუებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები