ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანას რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ აქვს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა პრეზიდენტის მიერ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის შესახებ გაჟღერებულ განცხადებას შეეხებოდა. მედიის წარმომადგენელმა ხუციშვილს კითხა, თუ მიმდინარეობს მსჯელობა დღეს ამ საკითხზე მთავრობაში.
ფინანსთა მინისტრის თქმით, დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები, ქვეყნის გამოწვევებს სრულად პასუხობს და თუ მომავალში, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მაშინ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა შეიძლება.
„დღეს არსებული მექანიზმები, მათ შორის სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა ვინ უნდა შემოუშვან და ვინ არა ქვეყანაში და ვინ შეიცავს საფრთხეებს.
დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანას აქვს და ამ ეტაპზე ამის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ სტანდარტებს, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით არის საჭირო, ამაზე საუბარი შეიძლება იყოს, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.




























