მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბაზალტ ფაიბერსმა“ გერმანელ პარტნიორებთან ერთად ალუმინით დაფარული ბაზალტის ძაფის წარმოება დაიწყო

63bfc5c2ac25c
ვიქტორია მღებრიშვილი
13.01.23 09:28
1184
“ბაზალტ ფაიბერსმა“ გერმანიის აახენის უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ სტარტაპ Fibrecoat-თან თანამშრომლობით ბაზალტის ძაფის გამოყენებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი - ალუმინით დაფარული ბაზალტის ძაფის წარმოება დაიწყო.

ბაზალტის ძაფის მწარმოებელი ქართული კომპანიის დირექტორი, ივერი ქუცნაშვილის BM.GE-სთან ამბობს, რომ პროდუქტმა გერმანიისა და ამერიკის ტექნოლოგიური სტარტაპების კონკურსების ინოვაციური ახალი მასალების ნომინაციაში გაიმარჯვა.

„ახალი პროდუქტის შექმნაზე აახენის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური სტარტაპი დიდი ხანია მუშაობს, მათვე ეკუთვნით ფინანსური რესურსი, რომელიც პროდუქტის შემუშავებისთვის იყო საჭირო. ჩვენ ამ პროცესში დაახლოებით 2 წლის წინ ძირითადად ტექნიკური მხარდაჭერით და ბაზალტისგან ძაფის წარმოების გამოცდილებითა და ცოდნით ჩავერთეთ.

წარმოება ოქტომბერში დავიწყეთ. დღეისთვის დაახლოებით 70 000 ევროს ღირებულების პროდუქტი იწარმოება, თუმცა წლიური წარმადობა ერთი წლის შემდეგ 3 მლნ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ამ ეტაპისთვის ალუმინით დაფარული ბაზალტის ძაფის წარმოებას მთლიან წარმადობაში 20-30% უკავია“, - განაცხადა ივერი ქუცნაშვილმა.

საქართველოში „ბაზალტ ფაიბერსის“ მიერ წარმოებული ინოვაციური პროდუქტის რეალიზება დღეს აახენის უნივერსიტეტთან ექსკლუზიური თანამშრომლობით გერმანიაში ხდება და როგორც წარმოების ხელმძღვანელი ამბობს, იქიდან ძირითადად ავტომწარმოებლებს მიეწოდებათ.

„ეს პროდუქტი ძირითადად გამოიყენება ელექტრომაგნიტური მოწყობილობების საწარმოებლად. ალუმინი გამტარი და მსხვრევადია, ხოლო ბაზალტის ძაფი არაგამტარი და არამსხვრევადი. ეს პროდუქტები დაახლოებით 10-ჯერ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სხვა ალტერნატივები და ეს პროდუქტი ავტოწარმოებაში გამოიყენება და დღეისთვის დანერგვის პროცესშია“, - ამბობს „ბაზალტ ფაიბერსის“ დირექტორი ივერი ქუცნაშვილი.

ცნობისთვის: „ბაზალტ ფაიბერსი“ საქართველოს სამშენებლო და კომპოზიტური მასალების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს. როგორც საწარმოში ამბობენ, კომპანია ქართული და ამავე დროს ინოვაციური ტექნოლოგიებით ბაზალტის ქვის დნობის შედეგად აწარმოებს ძაფს, რომლითაც ქარხანაში დღეისთვის 10 სახეობის პროდუქტი მზადდება: არმატურის ბადეები, გეოგრიდები - გეობადეები, ქეჩა, დარილი ბოჭკო და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები