მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თავისებურებებით ხასიათდება ქართული და გერმანული ბიზნეს კლიმატი? – „ბაზალტ ფაიბერსის“ გამოცდილება

64a82afe50875
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.23 09:45
802
საქართველოში, კერძოდ რუსთავში 1998 წელს ბაზალტის ქვისგან ძაფის საწარმოს ამოქმედების შემდეგ, კომპანია „ბაზალტ ფაიბერსმა“ 2006 წელს წარმოება გერმანიაში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად გახსნა. 2 წლის წინ კი ბაზალტის ძაფებისგან დამზადებული ათზე მეტი სამშენებლო მასალების წარმოებები ერთ ქართულ-გერმანულ ჰოლდინგში გააერთიანა. კომპანია „ბაზალტ ფაიბერსის“ დირექტორი ივერი ქუცნაშვილი გადაცემა #რედაქტ2-ში საქართველოსა და გერმანიის ბიზნეს კლიმატზე საუბრობს და ქვეყნებში ბიზნესის წარმოების დადებით და უარყოფით მხარეებს გამოყოფს.

კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ერთი მხრივ სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამები ბიზნესს განვითარებაზე ეხმარება, მეორე მხრივ კი ეკონომიკისა და მისი სხვადასხვა დარგის განვითარების კუთხით არ არსებული პოლიტიკა გარკვეულ სირთულეებს ქმნის.

„საქართველოს ბიზნეს კლიმატი ზოგადად პოზიტიურია და ვერ შევადარებ 12-15 წლის წინანდელ ბიზნეს კლიმატს, როდესაც ბიზნესებს თვითგადარჩენისა და სულ სხვა ტიპის - მიზანმიმართული რისკები ჰქონდათ, როცა სახელმწიფოს ყაჩაღური დამოკიდებულება ჰქონდა ბიზნესის მიმართ. ახლა ასეთი რისკები არ არის. მაგრამ კლიმატში პოზიტიურია „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობის პროგრამები, რომელმაც „ბაზალტ ფაიბერსს“ წარმოების გაფართოების შესაძლებლობა მისცა და მხოლოდ კარგის თქმა შეიძლება მასთან მიმართებით.

პოზიტიური ფაქტორია ისიც, რომ ბაზარი მოქნილია და ექსპერიმენტებში არ გზღუდავს. მაგალითად ევროპაში გაცილებით უფრო რეგლამენტირებული და შეზღუდულია ახალი პროდუქტების გამოყენება - გერმანიას ვგულისხმობ. ჩვენი ბაზარი ამ მხრივ უფრო ღიაა. თუმცა ჩვენ კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს. გერმანიაში ამ კუთხით სახელმწიფო უფრო ზღუდავს, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ბარიერი კვალიფიკაციაა.

რაც შეეხება სირთულეებს, ჩვენ ძირითადად იმ ეკონომიკური სკოლიდან მოვდივართ, რომელიც ამბობს, რომ ბაზარი თვითონ დაარეგულირებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საჭირო არ არის არც ფიქრი პოლიტიკაზე, მიდგომებზე, არც ცოდნაზე, რადგან ბაზარი თუ დაარეგულირებს ეს ასე იქნება. არადა, ასე არ არის, განსაკუთრებით პატარა ბაზარში, სადაც მცირე ეკონომიკაა და მოთამაშეების რაოდენობაც მცირეა, პოლიტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - რის წახალისება გინდა და რის - არა, სად გინდა რესურსების ჩადება და რისი განვითარება გინდა, რა ტექნოლოგიური მიმართულებებია საინტერესო. რადგან ნებისმიერი ტექნოლოგიის განვითარება კომლექსურ მიდგომას საჭიროებს, საჭიროა ლაბორატორიები, კვლევითი ცენტრები, კვალიფიციური მუშახელი, ბაზრის წვდომა და ა.შ.

რა საკვირველია ბაზარზე ამის ნაკლებობაა.. პერსონალი პრობლემაა, რთულია ბევრი საკითხი, ჩვენი ტექნოლოგიური განვითარება სუსტია. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია როგორ დაიხარჯება ის მწირი რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ეს იქნება სახელმწიფოს თუ კერძო სექტორი, სად გვჭირდება ცოდნის ამაღლება, ტექნოლოგიების წახალისება და ა.შ.“, - განმარტავს ივერი ქუცნაშვილი.
რაც შეეხება გერმანიაში ბიზნესის წარმოების თავისებურებებს, ქართული წარმოების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გერმანულ წარმოების დეტალებში ვერ შევა, თუმცა ბიზნესის მიერ ინვესტირების ნაწილში გერმანია კერძო სექტორს ხელს მეტად უწყობს.

„გერმანიაში, მაგალითისთვის გეტყვით, რომ სახელმწიფო „ბაზალტ ფაიბერსის“ გერმანულ წარმოებას 3 მლნ ევროთი დაეხმარა. თუ 1 მლნ ევროს ინვესტიციას დებ, დაახლოებით 0.5 მლნ ევროს სახელმწიფო უკან გიბრუნებს, რომ წაახალისოს ინვესტიცია, საქართველოში 1 მლნ-ის ინვესტიციას, რომ ჩადებ დაახლოებით 1 მლნ ბანკის სესხის პროცენტში უნდა გადაიხადო. სახელმწიფოს მხარდაჭერა ამ საკითხს ამსუბუქებს და 1.5 მლნ ევროს ჩადება გიწევს. ანუ რაც გერმანიაში 0.5 მლნ გიჯდება, აქ 1.5 მლნ გიჯდება თავისი სუბსიდირებით. რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში ინვესტიციების განხორციელებაში გაცილებით მეტად ეხმარება ბიზნესს, ასევე გერმანიაში მეტად ეხმარება ახალი პროდუქტების შექმნას და განვითარებას, კლასტერებს, კვლევით ცენტრებს და ა.შ. ეს ჩვენთან პრაქტიკულად არ არსებობს. კლასტერები ჩვენთან ჩანასახოვან ეტაპზე ვართ, სახელმწიფოსაც ის მიდგომა არ აქვს, რომ ახალი პროდუქტების და ტექნოლოგიების განვითარებას დაეხმაროს“, - აღნიშნავს ქუცნაშვილი.

#რედაქტ2-ის კითხვაზე - რა გამოცდილებას იზიარებენ ქართულ-გერმანულ ჰოლდინგში შემავალი ორ ქვეყანაში მოქმედი წარმოებები, „ბაზალტ ფაიბერსის“ დირექტორი აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა მათ უფრო მოქნილს ხდით.

„გერმანიის პლიუსები ჩვენ ახალი მომწოდებლების, ახალი პროდუქტების და ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში გამოვიყენეთ და ეს საქართველოში ჩამოვიტანეთ. თუმცა საქართველოში წარმოება უფრო იაფია, ვიდრე გერმანიაში. ამიტომ გერმანიაში თუ ჩვენი პარტნიორი წარმოება დაკავებულია საბაზისო პროდუქტების წარმოებით, რაც ბაზალტის ძაფია მხოლოდ, საქართველოში წარმოებული პროდუქტების ჩამონათვალი უფრო მეტია. სამაგიეროდ, გერმანია ჩვენთვის ევროპასა და სხვა ქვეყნებში საექსპორტოდ კარიბჭეა“, - აღნიშნა ივერი ქუცნაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები