მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2023 წლის მიზანი წარმოების გასამმაგებაა“ – „ბაზალტ ფაიბერსის“ დირექტორი

63bfdc7d466b4
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.23 17:12
720
ბაზალტის ძაფისა და ამ ძაფისგან 10-მდე დასახელების სამშენებლო და კომპოზიტური მასალების მწარმოებელი კომპანია „ბაზალტ ფაიბერსის“ 2023 წლის მიზანი წარმოების გასამმაგებაა.

ბიზნესის განვითარების გეგმაზე BM.GE-სთან კომპანიის ხელმძღვანელმა ივერი ქუცნაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, დღეისთვის კომპანია წლიურად 250 ტონა ბაზალტის ძაფს აწარმოებს. საიდანაც დაახლოებით 300 ტონა საბოლოო პროდუქტი იწარმოება.

„2023 წლის მიზანი წარმოების გასამმაგებაა, მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩვენი გეგმით პირველ კვარტალში წარმოება უნდა გავაორმაგოთ, შემდეგ კი გავასამმაგოთ. ამ მიზნის მისაღწევად ფინანსური რესურსის მოზიდვას ბანკებიდან ვგეგმავთ, ასევე გვინდა „აწარმოე საქართველოს“ ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამით ვისარგებლოთ. დაფინანსების ალტერნატიული წყაროები საქართველოში არ არის. ჯამში 2-3 მლნ დოლარი დაგვჭირდება“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

აღსანიშნია, რომ გასულ - 2022 წელს „ბაზალტ ფაიბერსის“ გაყიდვები 20-30%-ით გაიზარდა. ამასთან წარმოებაში ექსპორტის წილი გასამმაგდა. ივერი ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ წარმოების გაძლიერების ერთ-ერთი ფაქტორი საექსპორტო ბაზარზე არსებული მოთხოვნის ზრდაა.

ცნობისთვის: „ბაზალტ ფაიბერსი“ საქართველოს სამშენებლო და კომპოზიტური მასალების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს. როგორც საწარმოში ამბობენ, კომპანია ქართული და ამავე დროს ინოვაციური ტექნოლოგიებით ბაზალტის ქვის დნობის შედეგად აწარმოებს ძაფს, რომლითაც ქარხანაში დღეისთვის 10 სახეობის პროდუქტი მზადდება: არმატურის ბადეები, გეოგრიდები - გეობადეები, ქეჩა, დარილი ბოჭკო და ა.შ. კომპანია 70 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები