მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემი ქალაქი მკლავს“ - „თბილისში დღეს ჰაერის დაბინძურება ნორმაზე 5-6 ჯერ მაღალია“

63c95541594e9
თათია ჩაფიჩაძე
19.01.23 18:43
1392
"ატმოსფერულ ჰაერში, 18 იანვრიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული“- განცხადება გუშინ, დღის მეორე ნახევარში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. უწყებაში განმარტავენ, რომ მიზეზების შესწავლა და დაზუსტება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება.

სააგენტოს მიერ განმარტების გაკეთებამდე ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ორგანიზაციამ „ჩემი ქალაქი მკლავს“. მათი ინფორმაციით, თბილისში სმოგი ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურება ნორმაზე 5-6 ჯერ მაღალია.

როგორც “საქმიანი დილის“ ეთერში ორგანიზაციის დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება, თბილისზე მძიმე ვითარება კი რუსთავშია.

„რამდენიმე დღეა რაც სმოგი დაიწყო, ეს არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. მესამე წელია ყოველდღიურად ვზომავთ ჰაერს და ვიცით რა არის დაბინძურების მაჩვენებელი, ნორმას ორჯერ აღემატება, თუმცა დღეს მონაცემები არსებულზე 5-6-ჯერ მაღალია.

დაახლოებით გრძელდება 5-10 დღე და წელიწადში რამდენჯერმე. რეკომენდაციებია, რომ ფილტრები იქნას გამოყენებული და რისკ ჯგუფების წარმომადგენლებმა, ხანდაზმულებმა, ბავშვებმა, ორსულებმა და გულის და ფილტვის პრობლემების მქონე მოქალაქეებმა თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან. ბათუმში არ იყო კატასტროფა, ქუთაისში გამორთული იყო და არ აჩვენებდა და რუსთავში უფრო მძიმე მდგომარეობა იყო, ვიდრე თბილისში.

წელს ვიწყებთ ჰაერის საზომი აპარატების აწყობას, დაახლოებით 50-მდე აპარატს ავაწყობთ ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით. გვინდა თბილისში დავაყენოთ და ასევე რუსთავში, ჭიათურაში, კასპში, ქუთაისში და ფოთში. ასევე გვინდა შევქმნათ აპლიკაცია, რომ ვიცოდეთ რეალურად რა ჰაერს ვსუნთქავთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები